ბათუმში, ძმები წულუკიძეები და კიდევ 4 პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 6 პირი დააკავა, მათ შორის, ფირუზ წულუკიძე და რევაზ წულუკიძე. ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები და კიდევ 2 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ და საგამოძიებო ღინისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ ჭელიძის მამა ამბობს, რომ დაკავება პარტიული ნიშნით მოხვდა, რადგან ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.
“შემოსასვლელში მეძინა მეუღლესთან ერთად, შემოვარდნენ, იარაღი მომადეს. საუბარზე ბავშვები გამოვიდნენ ხელებაწეული. რომ დაინახეს ხელებაწეული მოდიოდნენ პირდაპირ ეცნენ, ძირს დააგდეს. ვერ წარმომიდგენია რას ემსახურებოდა ეს სპეცოპერაცია. დისკრიმინაციულად გეუბნებიან, რომ ხმა არ ამოიღო, თორემ გესვრით, ეს კითხვები მაქვს უბრალოდ. ეს არის პროვოკაცია, პარტიული ნიშნით მოხვდა დაკავება, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.

ჩემი უფროსი ბიჭი თამაზ ჭელიძე სულ არ იყო იქ, მან რომ დაინახა, რომ იქ აშკარა პროვოკაცია იყო ჩაჯდა მანქანაში, ისინი მანქანას ურტყამდნენ ფეხებს ვინც იყვნენ, ვინც ამბობს ახლა, რომ მცემესო. თამაზი წამოვიდა და იმათაც დაურეკა, რომ წამოდით სპორტსმენები არიან პროვოკაციაზე ამოსულიო. ისინი იყვნენ შტანგისტები, რომლებიც ქოცების დავალებას ასრულებდნენ. მე მინდა მივმართო ომბუდსმენის აპარატს, რომ ეს არ დარჩეს რეაგირების გარეშე”, – აცხადებს ჯემალ ჭელიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ისინი პოლიტპატიმრები არიან. მისივე თქმით, მათი დაკავება მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრი იდევნება.
“ხელისუფლებამ მათ არ აპატია პოლიტიკური შეხედულება. ისინი ცხოვრობდნენ “თავისუფლების კვარტალში”, იბრძოდნენ ხელისუფლების უკანონობის წინააღმდეგ. ისინი არიან ყველა აქციაზე, რომლებიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ. ის პროვოკაცია რაც მას მოუწყვეს აქციაზე, ნიშნავს, რომ თავისუფალი აზრი ქვეყანაში იდევნება. ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და სანაცვლოდ მიიღებენ ქუჩაში ათასობით ადამიანს”, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.
ძმები წულუკიძეები, გასულ წელს, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და აჭარის მტავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, საარჩევნოდ დახმარების სანაცვლოდ, მას და მის ოჯახს გარიგებას სთავაზობდა. ფირუზ წულუკიძემ აჭარის მთავრობისგან ფულის ჩარიცხვის ქვითარიც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 19 და 24 მარტს რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მეუღლეებს ერთჯერადი სოციალური დახმარება – თითოეულს 2 ათასი ლარი ჩაერიცხა. ორივე წერილი, რომლითაც მოქალაქეებმა სოციალური დახმარება მოითხოვეს, 16 მარტსაა დაწერილი. ორივე წერილში მოქალაქეები კონკრეტულად 2 ათას ლარს ითხოვენ. ეს წერილები აჭარის მთავრობამ გაასაჯაროვა.
„მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს)“, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...