ბათუმში აქცია ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა პარტია “სახალხო ხელისუფლების” წარმომადგენლების აქცია ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან. 

აქციის მონაწილეებმა ოფისთან სულხან მოლაშვილის ფოტოები მიიტანეს წარწერებით – “მკვლელებო”. მათი განცხადებით, მოლაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მსხვერპლია, რის გამოც მათ პასუხი უნდა აგონ. 

„მოლაშვილმა, პირველმა ამხილა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება კორუფციაში. ამისთვის ის იმდენი აწამეს, რომ მოკლეს. დღეს კი, არ მთავრდება კოჰაბიტაცია, ერთიანად ისე კარგად აკეთებენ ქვეყნის დაშლის საქმეს, რომ ამას ბოლო აღარ უჩანს",-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

"სახალხო ხელისუფლების" წარმომადგენლები პლაკატებს შენობაზე აკრავდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა შეხლა-შემოხლა, მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები სულხან მოლაშვილის სახელით სპეკულირებენ.

"რა თქმა უნდა, წმინდა ადამიანურად, ძალიან გული დამწყდა და განვიცადე, სულხან მოლაშვილის ამბავი. ჩვენ, მართლა მწუხარებას გამოვთქვამთ ამის გამო, როგორც ნებისმიერი ქართველის და არაქართველის მიმართ, ვინც გარდაიცვლება. თუმცა, ეს ადამიანები არიან უნამუსოები, ისევე, როგორც ბიძინა არის უნამუსო, რომელიც ამ თემით სპეკულირებს. მეტი არაფერია ეს ყველაფერი, თუ არა უნამუსოდ სპეკულირება, სულხან მოლაშვილის სახელით",-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" , ბათუმის ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...