ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის სასამართლო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა ერთწლიანი პაუზის შემდეგ დღეს განახლდა. მოსამართლე ჯუმბერ თავართქილაძემ ამჯერად აღარ დააკმაყოფილა მერიის შუამდგომლობა მოსარჩელე მხარესთან მოლაპარაკებების მიზნით კიდევ ერთხელ გადადებულიყო სასამართლო სხდომა. სასამართლო სხდომაზე მერიის იურისტმაგანმარტა, რომ სხვადასხვა ღონისძიების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა მუსლიმ თემთან შეხვედრა, თუმცა ივნისის პირველ კვირაში აუცილებლად გაიმართება.

აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში მუსლიმი თემის გაღიზიანება მოჰყვა: “ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, ეს არის უსამართლობა…” – ასე მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა დარბაზში მყოფმა. რის გამოც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომის განხილვა აღარ გადადო და დასძინა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი შესაძლოა დღეს დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერი ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მიზნით მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის გაზაფხულზე შეხვდა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, თემის მიერ კოლექტიურად შეძენილი მიწის ნაკვეთის სხვა რელიგიური ორგანიზაციისთვის გადაცემა მოითხოვა, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა. “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. ბოლო სხდომა ამ საკითხზე 10 აპრილს გაიმართა.

მუსლიმი თემი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც თემს შეძენილი მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს. პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. უწყებამ გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ ზონაში მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობებთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ მათზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, უნებართვო მშენებლობისთვის კი არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება. ეს გარემოება შეფასებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არაერთგვაროვან მიდგომად, სხვადასხვა კონფესიის მიმართ. სახალხო დამცველის შეფასებით, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხის გადაწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება არასწორად იქნა გამოყენებული და ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება კერძო და საჯარო ინტერესების დაუბალანსებლად მიიღო.

ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის განხილვა გრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...