ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე, ორი ადამიანი დაშავდა. ჩატეხილია შენობის გვერდით მდებარე მაღაზიის ვიტრინა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაშავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში, გიორგი კირთაძე.

როგორც მან განაცხადა, ვიტრინა ხალხის მიწოლის შედეგად ჩაიმსხვრა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარება დასჭირდა აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება სტაბილურია. საოლქოს შენობის შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებენ. აქციის მონაწილეებმა კი, საოლქო კომისიის მიმდებარედ გადაინაცვლეს. მათი განცხადებით დაშლას არ აპირებენ.

თბილისსა და რეგიონებში, საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ოლქებში არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. ისმის შეძახილები: “მონებო”, “ქურდებო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...