ბათუმის საოლქო ორგანიზაციის საარჩევნო სპეციალისტი “ქართული ოცნებიდან” გახარიას პარტიაში გადავიდა

გადავწყვიტე, გახარიასთან ერთად ჩავება ბრძოლაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბათუმის საოლქო ორგანიზაციის საარჩევნო სპეციალისტი თამარ ფაღავა წერს:

“დღეს ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ასე თუ ისე შედგა და თითქოს უნდა დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი, სამწუხაროდ, კვლავ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, ახლა უკვე პრინციპს – ყველა ერთის, გიორგი გახარიას და პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ.
მე, როგორც შვილი, და, მეუღლე, დედა და უბრალოდ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ვთვლი, რომ მოვიდა დრო გადავშალოთ ახალი ფურცელი. დროა ახალ ეტაპზე გადავიდეთ, სადაც აღარ იქნება გაუთავებელი ლანძღვა-გინებისა და პირადი კომფორტისთვის დაუნდობელი ბრძოლის ადგილი, სადაც პოლიტიკოსებს აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი და მთავარი დაპირება ვინმეს განადგურება არ არის.
წლების წინ გადავწყვიტე დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება პოლიტიკასთან. ერთადერთი პარტია, რომელთანაც კავშირი მქონია იყო „ქართული ოცნება“. მან თავის დროზე შესძლო სასტიკი და მოძალადე რეჟიმის დამარცხება და პოზიტიური ცვლილებების გატარება. ამ პარტიაში მე გავიცანი ბევრი გულანთებული პატრიოტი და კარგი ადამიანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ და მიუხედავად მათი სამომავლო არჩევანისა ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის და ჩვენი ქალაქისთვის საუკეთესო უნდათ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველი ნომერი იყო გიორგი გახარია, წარმატებული პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შეძლო ღირსეულად დაეღწია თავი არაერთი კრიზისისთვის. მწირი რესურსებითა და საყოველთაო პანიკის ფონზე ეფექტურად მართა ქვეყანა მსოფლიო პანდემიის პირობებში, დროულმა ნაბიჯებმა ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა, ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა კი ჩამოქცევისაგან იხსნა.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მხვდებოდა უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ დაეჭირათ მხარი „ქართული ოცნებისთვის“ არა მხოლოდ მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, არამედ გიორგი გახარიას გამო. როგორც საჯარო მოხელე ამაყი ვიყავი მთავრობის ასეთი მეთაურით, როგორც პარტიის წევრი კი – ასეთი კანდიდატით.
მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას აქვს რესურსი და უნარი, პოზიტიური დღის წესრიგით, სიძულვილის ენის გარეშე, ქართველი ხალხის მხარდაჭერით მოახერხოს საზოგადოების კონსოლიდაცია.
მე გადავწყვიტე მასთან ერთად ჩავება ამ ბრძოლაში არავის წინააღმდეგ, მაგრამ ბრძოლაში სიღარიბესთან, უიმედობასთან, არაპროფესიონალიზმთან, კორუფციასთან იმისთვის, რომ ერთ დღესაც ევროპულ, ერთიან საქართველოში გავიღვიძოთ”, – წერს თამარ ფაღავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...