ბათუმის საკრებულოში, სადაც დღეს 2022 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ და დამტკიცდეს, დილიდან ხმაურია

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქალაქის მერს დაუპირისპირდნენ, რომელიც სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივიდა, დარბაზში, სადაც სხდომა უნდა გაიმართოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არჩილ ჩჩიქოვანისგან ითხოვდნენ პასუხებს კითხვაზე, თუ რატომ ამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს „ვადაგასული საკრებულო“ და რატომ არაფერი გააკეთა ამის თავიდან ასაცილებლად, ახალარჩეულმა მერმა.
არჩილ ჩიქოვანმა ოპოზიციას კითხვაზე კითხვით უპასუხა და ითხოვა განმარტება, კანონის რომელი ირღვევა მაშინ, თუ საკრებულოს ძველი შემადგენლობა დაამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს. ოპოზიციის განცხადებით, ამით ირღვევა მორალური და ზნეობრივი პრინციპები.

ოპოზიცია ამბობს, რომ საკრებულოს ახალი შემადგენლობის შეკრება და შესაბამისად 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მათი მხრიდან არ ხდება იმიტომ, რომ მმართველ გუნდს უმრავლესობა არ აქვს და ბუჯეტი ჩავარდნისთვისაა განწირული.

სხდომის დღის წესრიგი გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა, რა დროსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ოპოზიციას საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა 11 საათზე დაიწყება, ის უმაღლესი საბჭოს დიდ დარბაზში ჩატარდება. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.

კომენტარები
იტვირთება...