ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: გაცემული საშვთა რაოდენობა უკვე აღემატება სხდომათა დარბაზში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც 11:00 საათზე უნდა გაიმართოს, განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 26 ნოემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში მორიგ სხდომას გამართავს. ვინაიდან სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილება ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხი, სხდომაზე დამსწრეთა მხრიდან დაინტერესება დიდია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებული არიან დაესწრონ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვას. გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოს აპარატის მიერ მოქალაქეებსა და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებზე გაცემული საშვთა რაოდენობა უკვე აღემატება სხდომათა დარბაზში გათვალისწინებული ადგილების რაოდენობას, ასევე, ვითვალისწინებთ რა სახელმწიფოს მიერ დადგენილ კოვიდრეგულაციებს, დამატებით ვერ ხერხდება სხდომაზე დასწრების მსურველთა დაშვება, რისთვისაც მოქალაქეებს ვუხდით ბოდიშს. თუმცა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სხდომის მიმდინარეობას თვალყური ადევნონ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდის ლაივსტრიმინგის საშუალებით, რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

მასმედიისა და პრესის წარმომადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია“, – აღნიშნულია სულიკო თებიძის განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...