ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია  “საქართველოს ევროპული გზა” შემაჯამებელი სესიით დასრულდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელ სესიაზე, რომელსაც  მოდერაციას უწევდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ორდღიანი დისკუსიების შემდეგ, სესიების პანელების მოდერატორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შედეგები შეაფასეს, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავი ზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

დასკვნით სესიაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე, რომელიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის მიზნებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საჭიროა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ახალგაზრდობის დასაქმება და ასევე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ინტერესი არ განელდეს, ასევე, მნიშვნელოვანია რომ   აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის მხრიდან, იყოს მეტი ჩართულობის სრული მხარდაჭერა.

ორდღიანმა კონფერენციამ და მათ შორის, შემაჯამებელმა პანელმაც დაგვანახა ის, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არამედ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენც ვფიქრობთ იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც მომავალში უფრო მეტ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ჩვენ  გვჭირდება კონკრეტული ხედვა იმისა, თუ რისი მიღწევა გვსურს მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს ხედვა საქართველოს აქვს. ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა. მანამდე ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღწეული და რომელიც იქნება იმის დასტური და გარანტი, რომ ჩვენს მოძრაობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აზრი აქვს და მას სათანადოდ აფასებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ბათუმში წელს გამართული ორდღიანი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩეოდა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს მიეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად