ბათუმის მერის მოვალეობას აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს

ბათუმის მერის მოვალეობას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს. გადადგომამდე ლაშა კომახიძემ ის ვიცე-მერად დანიშნა. კომახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას გუნდური პრინციპი გაითვალისწინა.

„რაც შეეხება ვიცე-მერის კანდიდატურის შერჩევას, აქ მოხდა გათვალისწინება საერთო შეხედულების. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული. ეს არის ძალიან საპასუხიმგებლო საკითხების, დიდი პრობლემების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. შესაბამისად არჩილ ჩიქოვანია ის ადამიანი, რომელშიც გუნდი ხედავს შესაძლებლობას, აიღოს ეს პასუხიმგებლობა. მე გავითვალისწინე ეს მიდგომა“, – განაცხადა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ.
არჩილ ჩიქოვანის ვიცე-მერად დანიშვნამდე, ლაშა კომახიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, რითაც არჩილ ჩიქოვანს თანამდებობრივი შესაძლებლობა მიეცა მერის მოვალეობა შეასრულოს.
მედიასთან კითხვაზე, თორნიკე რიჟვაძის მეჯვარე რატომ დანიშნა ამ თანამდებობაზე და ვინ გაუწია რეკომენდაცია, ლაშა კომახიძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ჩიქოვანის შესაძლებლობების გათვალისწინებით მიიღო და არა რიჟვაძესთან კავშირების გამო.
„ნამდვილად არ ვიცი სხვა ტიპის კავშირები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ეს არის ძალიან სერიოზული პასუხიმგებლობა. ვინც მზად არის აიღოს, უნდა მიეცეთ ამის საშუალება. ვინ ვის როდის შეხვდა და რაზე ესაუბრა, ეს არის ძალიან წვრილი დეტალები, რომელზეც არ ვთვლი, რომ ყურადღების გამახვილება ღირს“, – განაცხადა კომახიძემ.
არჩილ ჩიქოვანი დღემდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
ბათუმის არჩეული მერი თანამდებობიდან დღეს გადადგა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად