ბათუმის მერიაში უამინდობისგან შექმნილი პრობლემების გამო საგანგებო თათბირი

ორი ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ბათუმის რამდენიმე დასახლებაში. მახვილაურში განვითარდა მეწყრული პროცესები. უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. უხვ ნალექთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში ჯამში 60 შეტყობინება დაფიქსირდა. ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბათუმის ვიცემერმა ჯაბა ტუღუშმა მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრას ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერები, მერიის სამსახურების, ენერგო-პრო ჯორჯიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თათბირზე განიხილეს ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები.

შექმნილი მდგომარეობის გამო მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების უმოკლეს ვადებში აღმოფხვრის მიზნით. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა. ვიცემერი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა ვითარებას და ხელმძღვანელობდა სალიკვიდაციო სამუშაოებს. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად