ბათუმის მერი: ბათუმში, რეაბილიტაციის გამო გადაკეტილი ცენტრალური ქუჩები, აგვისტომდე განიმუხტება

„ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ დაახლოებით ივნისის ბოლოს ძირითადი შეზღუდვა სადაც არის, იქ უკვე გამოვათავისუფლებთ მოძრაობას,“ – ამის შესახებ ბათუმის მერმა „აიპრესს“ ინტერვიუში განუცხადა.

ლაშა კომახიძემ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ გადაიკეტა ტურისტული სეზონის დასაწყისში ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და არა სხვა პერიოდში:

„სამწუხაროდ, არ არის შესაძლებელი. ეს რომ იყოს ჩვენს არჩევანზე, ჩვენზე უკეთესად არავის ესმის როდის არის უმჯობესი დაიწყო ესა თუ ის ინფრასტრუქტურული სამუშაო, განასაკუთრებით ის რაც იწვევს გზის გადაკეტვას. იმიტომ რომ სამუშაოები ერთმანეთზეა გადაბმული. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორი ჯგუფია, ერთი – პროექტები, რომლებსაც თავად ბათუმის მერია ვახორციელებთ და მეორე – რომელიც ხორციელდება KFW პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ეს ორი პროექტი ხშირად ერთმანეთზე გადაბმულია, ვინაიდან ერთი მთლიანად დამოკიდებულია მეორეზე და პირიქით. ძალიან შეზღუდულები ვართ და მკაცრ გრაფიკში ვმუშაობთ KFW პროექტთან მიმართებაში. ეს დამოკიდებულია პირდაპირ თანხების გამოყენების შესაძლებლობაზე. რომ არ დავკარგოთ ეს თანხები, ამისათვის გვაქვს გარკვეული შეზღუდული ვადები, ამიტომ „იძულებული“ ვართ, სამუშაოები ვაწარმოოთ მაქსიმალურად უწყვეტი გრაფიკით და პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამიტომ მესმის, რომ ცალკეული ქუჩების გადაკეტვა იწვევს დისკომფორტს, რისთვისაც აქვე ვისარგებლებ კიდევ ერთხელ შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს მოვუხდი ბოდიშს. თუმცა, პირველ რიგში, ეს ისევ მათ საკეთილდღეოდ და ისევ ქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება, ვინაიდან აგვარებს ძალიან მნიშვნელოვან და მსხვილ პრობლემებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქალაქის წინაშე. ასე მაგალითად – ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისი, იგივე გორგილაძის ქუჩის ბოლო, ის მონაკვეთი, რომელზეც ეხლა შეზღუდულია გადაადგილება, იქ მიმდინარეობს ქალაქისათვის ერთ-ერთი, ძირითადი არტერიის, სანიაღვრე არტერიის მშენებლობა, ძალიან დიდი არხის, რომელიც უერთდება საბოლოოდ ტბასთან მდებარე სატუმბ სადგურს, რომლის მუშაობაც ასევე ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და შემდეგი წლის ზაფხულში უკვე დაგეგმილი არის ამ სატუმბი სადგურის მეშვეობით სანიაღვრე წყლების გადაქაჩვა ზღვაში. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავწყვიტოთ ეს სამუშაობი. ამიტომ მერ ვფიქრობ, სჯობს პირობითად ერთი სეზონი ცოტა „გავიჭირვოთ“, შეზღუდულად ვიმოძრაოთ, მაგრამ ამავე დროს შემიძლია გითხრათ, რომ საპატრულო სამსახურთან ერთად მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ნაკლებად აისახოს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაზე. ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ. დაახლოებით ალბათ ივნისის ბოლოს ძირითადი შეზღუდვა სადაც არის, იქ უკვე გამოვათავისუფლებთ მოძრაობას.”

შეგახსენებთ, რომ საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგების მიზნით გადაკეტილია გორგილაძე-ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთა, ასევე ნაწილობრივ გადაკეტილია ჭავჭავაძის ქუჩის გაგრძელება, აბუსერიძის ქუჩის ნაწილი და პუშკინის ქუჩის მონაკვეთი. ცენტრალური ქუჩების პარალიზებას სოციალურ ქსელში საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა დაუდევრობაა.

ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ვრცელ ინტერვიუს სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად