ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიამ  გახსნის დღესვე 46 პირის დიაგნოსტირება უზრუნველყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გახსნილმა ლაბორატორიამ  პირველივე დღეს 46 პირის დიაგნოსტირება უზრუნველყო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ლაბორატორიას დღე-ღამის განმავლობაში   100-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუძლია.

„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფო გუშინ ჩაერთო დიაგნოსტიკაში. გუშინვე ჩატარდა 46 პირის დიაგნოსტიკა, ცხელების სხვადასხვა კლინიკიდან. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ის ძირითადად მუსაობს თვითიზოლაციაში, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირებისა და ზოგადად, მოსახლეობის რისკ ჯგუფების დიაგნოსტიკაზე, რომელიც გახლავთ პირველ რიგში  სამედიცინო პერსონალი, სასწრაფო დახმარების სამსახური, იმ სხვადასხვა კლინიკის პერსონალი, რომელიც დღეის მდგომარეობით, აქტიურად არიან ჩართულები, სამედიცინო მომსახურების გაწევაში. ასევე ის მედპერსონალი, რომელიც საკარანტინე სივრცეებში მყოფ პირებს ემსახურება“,-აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ტესტირებას 23 აპრილიდან ბათუმის ინფექციური საავადმყოფოც  ატარებს. ორივე ლაბორატორია 24 საათში სამასზე მეტი პირის გამოკვლევას შეძლებს.

ბათუმის ლაბორატორია, აჭარის გარდა, გურიის რეგიონსაც მოემსახურება.

კომენტარები
იტვირთება...