“ბათუმის გენგეგმა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც დავუტოვებ ქალაქს” – ინტერვიუ ბათუმის მერთან

არჩევიდან წელიწადნახევრის თავზე რისი გაკეთება შეძლო და რას გეგმავს სამომავლოდ – ლაშა კომახიძე მის მიერ შესრულებული პროექტების შესახებ დეტალურად „აიპრესს“ პირველად უყვება.

ქალაქის განაშენიანება – ყველაზე პრობლემატური საკითხია, რაც ბათუმის არჩეულ მერს მძიმე მემკვიდრეობის სახით დახვდა და დღემდე ყველა მსხვილი სამშენებლო ინვესტიცია მუნიციპალიტეტში პროტესტის პარალელურად ხორციელდება.

ე.წ. ლუშკოვის სახლის ადგილას 3 ცათამბჯენის მშენებლობა ის გახმაურებული პროექტია, რაზეც ბათუმის მერია ამ ეტაპზე მუშაობს. ხოლო რივიერას ტერიტორიაზე აშენდება, თუ არა 6 ცათამბჯენი, ლაშა კომახიძის განმარტებით კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროექტზე იქნება დამოკიდებული. ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება ქალაქის ორი ტბის დაბინძურების საკითხი, პარკირების პრობლემა და გარკვეული ქუჩების რეაბილიტაცია.  ასევე მთავრი გამოწვევაა ძველ და ახალ კორპუსებში ლიფტების უსაფრთხოების საკითხი,  უკანონო გარევაჭრობა და მუნიციპალური ტრანსპორტი, რასაც  ტურისტები ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ. არის თუ არა ქალაქი ტურისტული სეზონისთვის მზად -„ აპრესის“ კითხვებს ბათუმის მერი პასუხობს:

ტურისტული სეზონი მოდის,  თუმცა რეაბილიტაციის გამო  გადაიკეტა ცენტრალური ქუჩების ნაწილი, რაც ქმნის საცობებს და დისკომფორტს.  არ არის შესაძლები სამუშაოები ნაკლებად აქტიურ სეზონზე გაგრძელდეს?

სამწუხაროდ, არ არის შესაძლებელი. ეს რომ იყოს ჩვენს არჩევანზე, რა თქმა უნდა,  ჩვენზე უკეთესად არავის არ ესმის როდის არის უმჯობესი დაიწყო ესა თუ ის ინფრასტრუქტურული სამუშაო, განასაკუთრებით ის რაც იწვევს გზის გადაკეტვას. იმიტომ, რომ სამუშაოები არის ერთმანეთზე გადაბმული. აქ უნდა ვთქვა, რომ არის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორი ჯგუფი, ერთი – პროექტები, რომლებსაც თავად ბათუმის მერია ვახორციელებთ და მეორე – რომელიც ხორციელდება KFW პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ეს ორი პროექტი ხშირად ერთმანეთზე გადაბმულია, ვინაიდან ერთი მთლიანად დამოკიდებულია მეორეზე და პირიქით. გამომდინარე იქედან, რომ ვართ ძალიან შეზღუდულები და მკაცრ გრაფიკში ვმუშაობთ KFW პროექტთან მიმართებაში და ეს დამოკიდებულია პირდაპირ თანხების გამოყენების შესაძლებლობაზე, რომ არ დავკარგოთ ეს თანხები,  „იძულებულები“ ვართ სამუშაოები ვაწარმოოთ მაქსიმალურად უწყევტი გრაფიკით და  პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამიტომ მესმის, რომ ცალკეული ქუჩების გადაკეტვა იწვევს დისკომფორტს, რისთვისაც აქვე ვისარგებლებ კიდევ ერთხელ შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს მოვუხდი ბოდიშს. თუმცა, პირველ რიგში, ეს ისევ მათი და ქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება და  აგვარებს ძალიან მნიშვნელოვან და მსხვილ პრობლემებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქალაქის წინაშე.

შემიძლია გითხრათ, რომ საპატრულო სამსახურთან ერთად მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ნაკლებად აისახოს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაზე. ვცდილობთ მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ დაახლოებით ალბათ ივნისის ბოლოს ძირითადი შეზღუდვა სადაც არის, იქ უკვე გამოვათავისუფლებთ მოძრაობას.

პრობლემურია მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსები არ არის საკმარისი და ამორტიზებული.  სიახლე თუ იქნება ამ მიმართულებით?

რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობას – გეთანხმებით, რომ მუნიციპალური პარკი საჭიროებს განახლებას და მე ვფიქრობ, რომ იმ წელიწადნახევარის განმავლობაში, რასაც ჩემს პოზიციაზე ვასრულებ უფლებამოსილებებს საკმაოდ ბევრი გაკეთდა. კერძოდ ვგულისხმობ 40 ახალი ავტობუსი შემოყვანას ევრო5 დიზელზე და ასევე სექტემბრის ბოლოსათვის ველოდებით 10 ელექტრო ავტობუსის შემოყვანას.

იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალური ავტოპარკი დღეს შედგება 160 ავტობუსისაგან დაახლოებით, მისი მესამედის გამოცვლა ასე მცირე დროში ვფიქრობ არის შესანიშნავი შედეგი. ეს პროცესი არ არის დასრულებული, ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან, რომ პარკი კვლავ  განახლდეს. ელექტროავტობუსებზე ამწუთას მიმდინარეობს შემოტანილი კომპანიების განაცხადების გადარჩევა, კვალიფიციური ერთეულების გამომჟღავნება, რომლების შემდეგაც უკვე ფასი გადაწყვეტს გამარჯვებულს.

მთავარი გამოწვევაა ტურისტულ სეზონზე პარკირება. თქვენ არჩევის  იდან აანონსებთ, რომ ააშენებთ პარკირებისთვის სპეციალურ საპარკინგე ობიექტებს. რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე და როგორ გეგმავთ ამ მიმართულებით სიტუაციის განმუხტვას?

საპარკინგე ობიექტებში არ იგულისხმება მხოლოდ შენობა, რომელშიც განთავსდება მანქანები პარკირებისთვის. მინდა გაგახსენოთ თბილისის მოედანზე ის მუნიციპალური პარკირების სივრცე, რომელიც შევქმენით. პარკირება  პირდაპირ კავშირში იყო გარევაჭრობის მოწესრიგებასთან და მას შემდეგ რაც მოვაწესრიგეთ,  წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვფიქრობ ასეთი სივრცეების შექმნას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც ორი კვირის, შეიძლება ისიც არა, გადაწყვეტილების ამბავია, რომ ბათუმს გადმოეცა ჭოროხის მიმდებარედ, გონიოს ტერიტორიაზე 6 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც 2,5 ჰექტარი მოხმარდება სატრანსპორტო ჰაბის შექმნას, რომელზეც მე ვაკეთებდი განცხადებას. იგი უზრუნველყოფს თურქეთის მხრიდან როგორც შემომავალი, ასევე რაიონებიდან მომავალი სატრასნსპორტო საშუალებების თავმოყრას. იქ იქნება ერთგვარი სატრანსპორტო ჰაბი, საიდანაც უკვე შიდა მუნიციპლური ავტობუსები გადაიყვანს მგზავრებს. ანუ ყველა ის ავტობუსი აღარ გაივლის ქალაქის ტერიტორიას. ასევე ძალიან მალე ვაჩვენებთ კერძო სექტორს მაგალითებს, რომელიც რამდენიმე კომპანიასთან ერთად განვახორციელეთ ვერტიკალური ავტომატიზირებული ლიფტ-პარკინგების თაობაზე, რომელიც უკვე ჩამოტანილია და დამონტაჟების ბოლო ეტაპზეა. რამდენიმე დღეში ვფიქრობთ, რომ მის პრეზენტაციასაც ვაჩვენებთ. ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, არ არის მივიწყებული ან შეჩერებული და ეტაპობრივად ხორციელდება.

დუმბაძის ქუჩა, ფაქტობრივად, გადაიქცა  ტურ-ოპერატორების ავტომობილების პარკირების ადგილად, თუმცა ევროპის მოედნის ნაწილია და  ვიზიტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია.  მძღოლები ეწევიან კომერციულ საქმიანობას, ნებართვა არის გაცემული მერიიდან?

დუმბაძის ქუჩაზე ყოველთვის იყო, კერძო ავტომობილების დაპარკინგების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მერიას ჰქონდა გაკეთებული ავტომატური შემზღუდავი, ეს აპარატი რამდენჯერმე დაზიანდა ხელოვნურად. სხვათაშორის, გვაქვს ასევე პრობლემა დუმბაძის ქუჩაზე მაცხოვრებლების მხრიდან, ვინც ითხოვს იქ ავტომობილების დაყენებას. კომერციულ საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, ნებართვა არ არის და ამაზე შესაბამისი რეაგირება ხდება. არის დარღვევის ფაქტები, თუმცა არ არის ნებადართული  და  ამაზე მერიას აქვს რეაგირება. ეს ტერიტორიები განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ გვაქვს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე.

კაფე-ბარების ნაწილს ობიექტის გარეთ აქვს გამოტანილი მაგიდები და ეწევიან კომერციულ საქმიანობას. რამდენიმე ადგილას ფაქტობრივად, შეუძლებელია გადაადგილება და მოქალაქეებს საფეხმავლო ბილიკიდან სამანქანო ზოლში გადასვლა უწევთ, რაც განსაკუთრებით რთულია ეტლით მოსარგებლეებისთვის. ფაქტი  შერჩევითი სამართალის ეჭვს ბადებს. რატომ ვერ ახერხებს მერია სტანდანდარტი ყველა ობიექტისთვის თანაბრად განსაზღვროს?

პირველ რიგში გეტყვით, რომ არავითარი შერჩევითი სამართალი არ არის. მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კაფე-ბარებს, რომლებსაც აქვთ ვაჭრობა სავალ ნაწილზე და ამის ნათელ მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ძველ ბათუმსა და ქუთაისის ქუჩაზე განხორციელებული ღონისძიებები. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ კანონის დადგენილების შესაბამისად თუ არ მეშლება 80 სანტიმეტრი არის ის სავალდებულო ფართი, რომელიც მოქალაქეებისათვის გასავლელ ნაწილად უნდა იყოს დატოვებული.  შესაძლოა ცალი მხრიდან იყოს განლაგებული მაგიდები, შესაძლოა ორი მხრიდან, თუმცა ეს არის აუცილებელი გადასაადგილებელი ფართი. დღეს ჩვენ გავამკაცრეთ მოთხოვნები. იქ სადაც იძლევა ტროტუარი საშუალებას ვითხოვთ 2 მეტრამდე გასავლელ ფართს, თუმცა თუ არ იძლევა ვცდილობთ, რომ ჩავაჯინოთ იმ აუცილებელი მოთხოვნების ფარგლებში. თუმცა გვაქვს გამონაკლისები, სადაც არიან ურჩი მეპატრონეები და მათთან ყველა სანქციები და ღონისძიებები ხორციელდება. გეთანხმებით ამაში, რომ ხშირად ირღვევა ქვეითების უფლებები, მაგრამ ამისთვის არსებობს ზუსტად ჩვენი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც რა თქმა უნდა მუშაობს და ყოველდღიურ რეჟიმში აძლევს შესაბამის შენიშვნებს, წერს შესაბამის დადგენილებებსა და მითითებებს.

ასევე პრობლემატურია ლიფტების საკითხი, არამხოლოდ ძველ კორპუსებში არამედ ახლებშიც, ხშირადაა ამორტიზებული და უხარისხო. რა ბედი ელის ძველ  ლიფტებს  და თუ აკონტროლებს  მერია ახალი ლიფტების ხარისხს სამშენებლო კომპანიებთან?

შემიძლია გითხრათ, რომ ეგ არ შედის მერიის კომპეტენციის სფეროში. მერიას არ აქვს უფლებამოსილება შეამოწმოს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არის შესაბამისი დეპარტამინტი, რომელიც აკეთებს ლიფტების მონიტორინგს და მისი დასკვნის საფუძველზე შემდეგ  ხდება ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება მერიის დამოკიდებულებას ლიფტებთან დაკავშირებით, ძველ კორპუსებში ჩვენ გვაქვს საბინაო ამხანაგობების პროგრამა და ამხანაგობის მომართვის საფუძველზე ტენდერის მეშვეობით ხდება შესყიდვა და დამონტაჟება ახალი ლიფტების. ყოველწლიურად არის ესეთი პროგრამა. წლის განმავლობაში დაახლოებით 16-დან 20 ერთეულამდე ლიფტი იცვლება ძველ კორპუსებში. აქ არის 3%-ი თანამონაწილეობა ამხანაგობის, დანარჩენი თანხა იფარება თავად მერიის მიერ, თუ არ ვცდები ეს თანხა შეადგენს 30-40 ათას ლარს.

რა ეტაპზეა ე.წ. ლუშკოვის სახლის ადგილას მშენებარე პროექტი?   როგორც ამ შემთხვევაში, ვხედავთ სტანდარტები ხშირად სუბიექტურად იცვლება კონკრეტული დეველოპერების მიმართ. მისცემს მერია საბოლოოდ პროექტის განხორციელების ნებართვას?

ყოველ თვეში ტარდება  ზონალური საბჭოს სხდომა მერიაში, რომელიც  მსჯელობს ამა თუ იმ კომპანიისათვის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და ყოველთვიურად არის სამშენებლო ობიექტები, სადაც  K2  არის დაშვებული იმაზე მეტი ვიდრე შესაძლებელია ფიქსირებული K2-ს  ფარგლებში. ასე რომ ფაქტიურად ვერ იქნება ეს სუბიექტური კონკრეტული კომპანიის მიმართ, ვინაიდან ასეთი კომპანიები ყოველთვიურად არის რამდენიმე და მასზე გაიცემა შესაბამისად კონკრეტული ნებართვები.  ლუშკოვის ბინა ეს არის შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიის ბუდედ იქცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მე ვთვლი, რომ მის ადგილზე თანამედროვე სასტუმროს ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც გააცოცხლებს იქაურობას, მეტ ტურისტულ დატვირთვას მიცემს ქალაქს და გააუმჯობესებს იერსახესაც, არის სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება ვიღაცას რაღაცა ეჭვები ჰქონდეს და რაღაცაში არ ეთანხმებოდეს. მესმის იმათი, შეუძლიათ კონკრეტული პრეტენზიები წარმოადგინონ, მაგრამ გადაწყვეტილება ხდება ამაზე დაყრდნობით. უზარმაზარ ტერიტორიაზე განთავსდება შენობები, რომელთა დაშორება არის 50 მეტრი, 30 მეტრი და შესაბამისად აქ სივრცის ჩაკეტვაზე და კედლის აღმართვაზე ვერ იქნება ფიზიკურად საუბარი. ამიტომ ვინმემ ვისაც აქვს კონკრეტული პრეტენზია ჯერ კარგად უნდა გაეცნოს გენგეგმას, უნდა იცოდეს რა წერია შიგნით ამ შენობებზე. თუნდაც სამი შენობა იყოს, როგორი არის მათი პოზიციონერობა ზღვის მიმართ, როგორია მათი პოზიციონერობა იგივე იმ სახლების მიმართ, ეს არ არის ჰორიზონტალურად განთავსებული ობიექტები, რომლებიც გადაბმულია ერთმანეთთან და ქმნის კედელს და ზღუდავს სივრცეს. კონკრეტული პროექტი მერიაში ჯერ შემოსული არ არის. დამტკიცდა საკრებულოს მიერ გენგეგმა, ხოლო ველოდებით კონკრეტული პროექტის შემოსვლას.

რა კრიტერიუმით არჩევს ზონალური საბჭო ამ კომპანიებს, ან მაშინ რა ფუნქცია აქვს არსებულ სტანდარტს თუ კი ის ზონალუერი საბჭოს მიერ განხილვის შედეგად იცვლება?

საქმე იმაშია რომ განაშენიანების გეგმა დღეს არ გააჩნია ქალაქ ბათუმს. სწორედ ახლა გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, სამწუხაროდ არ მიიღო არავინ მონაწილეობა, ამიტომ ხელმეორედ გამოვაცხადებთ.

როდესაც მე მოვედი და შევუდექი მუშაობას დამხვდა ტექნიკური დავალება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, თუმცა ამ პროცესში ღრმა ჩახედვამ და შესწავლამ გვაჩვენა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იყო მხოლოდ და მხოლოდ  ერთი დოკუმენტი, საჭირო ხუთი  მინიმუმ დოკუმენტისაგან, რომელიც ქმნის რეალურად ქალაქისათვის განაშენიანების რეალურ გეგმას. არ არსებობდა გენგეგმა, შესაბამისად არ არსებობდა სხვა დანარჩენი. მე არ დამიკარგავს დრო იმაზე რომ უბრალოდ გამომეცხადებინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც რეალურად არაფრის მომცემი იქნებოდა. დავხარჯეთ რამოდენიმე თვე იმაზე, რომ მოგვეწვია კვალიფიციური სპეციალისტი, დაგვეწერა, გაგვეახლებინა და გაგვეძლიერებინა ტექნიკური დავალება მთლიანად სივრცითი ტერიტორიული განვითარების გეგმისათვის. ჩაგვეტარებინა აუცილებელი შეხვედრები საზოგადოებრივ, არასამათვარობო, პროფესიულ წრეებთან და არარაერთი განხილვისა და შეჯერების შედეგად ყველა შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ საკრებულომ დაამტკიცა უკვე სივრცითი ტერიტორიული განვითარების გეგმა და ეს გეგმა არის გამოცხადებული. ამ გეგმის შემუშავება ხვალვე რომ დაიწყოს, საბოლოოდ ეს პროცესი წელიწადნახევარიდან ორ წლამდე პერიოდს წაიღებს მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბება და დამტკიცება. ქალაქი ვერ დაპაუზდება და ვერ გაჩერდება ამ ორი წლის განმავლობაში და ამისათვის არსებობს სწორედ არქიტექტურის სამსახური და ზონალური საბჭო, რომელიც აი ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებლად ღებულობს.  რა კრიტერიუმით ღებულობს გადაწყვეტილებებს, ამისათვის არის დებულება.

ცენტრპოინტის სახლზეც მინდა გკითხოთ, შესაძლოა ამ შენობის ნაცვლადაც ახალი საცხოვრებელი აშენდეს?

ჩემი, მერის სურვილი თუ გაინტერესებთ არის ნამდვილად, რომ იმ შენობის ადგილზე, რაც ეხლა ცენტრპოინტის შენობის  სახით  დგას, გაცილებით უკეთესი შენობა დაიდგას, თუმცა ამას ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს. იქ არის უამრავი მაცხოვრებელი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი და კონკრეტული კომპანიის გადაწყტვეტილების შედეგი. თუ კი ასეთი შეთანხმება მოხდება პირადად მე ძალიან მოხარული ვიქნები. ვფიქრობ, რომ ის შენობა არის უსახური, დიდი ხანია უკვე ამახინჯებს ქალაქს და თუ კი უკეთეს გადაწყვეტილებას შემოგვთავაზებენ კარგი იქნება.

 როგორია თქვენი პოზიცია რივიერაზე ექვსი ცათამბჯენის შესაძლო  მშენებლობასთან დაკავშირებით,  შეცვლის თუ პროექტი ძველი ბათუმის განაშენიანების იერსახეს და ესთეტიური თვალსაზრისით  რამდენად მისაღებია?

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თავად პროექტზე. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ტერიტორიას აქვს პოტენციალი განაშენიანების, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს გემოვნებით და კარგად. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ტერიტორია არის  რეკრეაციული ნაწილი თუ სავიზიტო ბარათი განსაკუთრებით მეცინება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ეს ტერიტორია დაკავებული იყო ავტობუსის „გარაჟით“, გემთმშენებელი ქარხნით, მსგავსი ტიპის უსახური შენობებით… დაახლოებით 15 წლია რაც აღებულია ეს ობიექტები და გადატანილი იმ მიზნით, რომ აქ აშენებულიყო ქალაქის ტურისტული პოტენციალის გასძლიერებლად რაიმე… თორე სხვამხრივ გემთმშენებელი ქარხნის, როგორც  ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის განადგურება, მე ვფიქრობ, თავის დროზე იყო ძალიან დიდი დანაშაული. და დღეს მე ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიას გააჩნია ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების უნარი. რაც შეეხება 6, 5, 4, 3 – ეგ უკვე სხვა თემაა და კონკრეტული პროექტი ამაზე არის ყველაზე კარგი პასუხის გამცემი. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ მუშა მდგომარეობაში. ამაზე მეტს არ დავკონკრეტდზები. გეტყვიტ, რომ საკმაოდ რთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს იგივე კომპანიის („სილქროუდი“) წარმომადგენლებთან. დაახლოებით 6 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც იძლევა განაშენიანების საშუალებას და ამ ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთი კომპანიის საკუთრება, რომელსაც აქვს მასში გადახდილი  უზარმაზარი თანხა. მე არ გამოვდგები რა თქმა უნდა ამ კომპანიის ადვოკატად და არც ვაპირებ ადვოკატირებას, თუმცა რამოდენიმე საჯარო პრეზენტაცია, რომელიც ამ კომპანიამ ჩაატარა, გაჟღერდა ერთ-ერთი ძალიან მაღალი რანგის ბრიტანული არქიტექტურული კომპანიის სახელმა, თუ არ ვცდები „ჩაპმან ტეილორსი“, სადაც ხდება მათ მიერ პროექტის დაკვეთა და მომზადება. ასე რომ მე მივესალმები იმას, რომ რაც უფრო მეტი საერთაშორისო დონის არქიტექტურული კომპანიების მიერ დაგეგმილი  პროექტები  განხორციელდება ბათუმის ტერიტორიაზე, გაცილიებით უკეთესია. ვფიქრობ, რომ ჩვენი სამშენებლო კანონმდებლობა უფრო მეტად მომთხოვნი უნდა იყოს განსაკუთრებით მაღლივი შენობების მიმართ.

ბათუმის დამცველები აპროტესტებენ, რივიერას ტერიტორიაზე ცათამბბჯენების მშენებლობას, ბიძინა ივანიშვილს გასულ კვირას ღია წერილიც გაუგზავნეს პროექტის შეჩერების მოთხოვნით, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ჩვენ დიალოგი არასდროს არ გაგვიწყვეტია ერთმანეთთან, საინიციატივო ჯგუფთან, როგორც თვითონ უწოდებენ თავს , ასევე საზოგადოება „ბათომის“ წარმომადგენლებთან. ვსაუბრობთ მათთან ამ თემებზე. არავინ არ აპირებს რაღაცის დამალვით  გაკეთებას. ერთმანეთის პოზიციები ვიცით ამ საკითხთან დაკავშირებით, დიალოგში ვართ ერთმანეთთან. არის საკითხები, რომლებზეც არ გვაქვს საერთო შეხედულებები, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება ჯერჯერობით.

ბათუმს აქვს ორი ტბა. ორივეში არის მუდმივი პრობლემა დაბინძურებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ნავთობიც ჩაიღვარა. არაეერთხელ გამოიყო თანხა პრობლემის მოსაგვარებლად  მერიიდან, თუმცა უშედეგოდ. რატომ? და რას გეგმავს მერია ამ მიმართულებით?

ჩვენ ამ ტბების მოვლა-პატრონობას ვახორციელებთ, კერძოდ „ბათუმის წყალის“ მეშვეობით, თუმცა ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია განსაზღვროს ტბების დაბინძურების მდგომარეობის საკითხი და ა.შ. იქ ჩვენ ყველა შემთხვევაზე, იქნებოდა ეს ნავთობის ტიპის მასის შემოდინება ტბაზე, თუ სხვა ტიპის დაბინძურება, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე ვრეაგირებთ და მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროს.  ბოლო შემთვევაზე სპეციალისტებიც მუშაობდნენ სინჯის აღებაზე. ის რეკომენდაციები, რომლებიც ერთხელ უკვე მივიღეთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, „ბათუმის წყალი“ ითვალისწინებს.

კონკრეტული დაბინძურების წყაროს გამოვლენა არ არის ალბათ ესეთი მარტივი და ადვილი და მე მესმის. სანამ არ აშენდება ტბის გვერდით სატუმბი სადგური, რომელიც ამ ტბის მდგომარეობაზე ბევრად კარგად იმოქმედებს. იმიტომ რომ დღეს ამ ტბაში ჩაედინება სანიაღვრე წყლები. ეს ტბა არის ფაქტობრივად ხელოვნური ტბა, რომელიც ღებულობს ქალაქის სანიაღვრე წყლებს, რომელთან ერთადაც ნებისმიერი ტიპის დაბინძურება შეიძლება შემოვიდეს ტბაში. ჩვენ ამავე დროს ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს კონკრეტული რომელიმე  სამშენებლო ობიექტის მიზეზით გამოწვეული, სხვა მხრივ სატუმბი სადგური ბევრად უფრო გააუმჯობესებს მდგომარეობას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  რაა  ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გინდათ რომ თქვენი მერობის პერიოდში აუცილებლად განაცორციელოთ?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს და ჩემივე მერობის ვადაში  დასრულდეს სივრცითი ტერიტორიული გეგმის შემუშავება.  ვფიქრობ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დავუტოვებ ქალაქს და ამისათვის არ ვიშურებ ძალისხმევას და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ქალაქს განვითარების გაცილებით უკეთესს დონეზე გადაიყვანს.

და ბოლოს თქვენს მიერ განხორციელებული პროექტი, რომლითაც ფიქრობ რომ დაამახსოვრდებით ბათუმელებს?

მე ვფიქრობ, რომ ასეთ პროექტებს ყოველდღიურად ვქმნით ფაქტიურად. ეხლა შემიძლია გითხრათ, რომ 100-ზე მეტი ქუჩა ბათუმში არის კეთილმოწყობილი და მიმდინარეობს 100-ზე მეტი ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია. ასე რომ, ჩემს მერე დარჩება მთელი უბნები და  ათეულობით ქუჩები, რომლებიც იქნება მოწესრიგებული და რეაბილიტირებული. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავამახსოვრებ თავს მოქალაქეებს იმით, რომ ის დაპირებები, რომლებიც გაცემული მაქვს ზედმიწევნით იქნება მაქსიმალურად შესრულებული. დავამახსოვრებ თავს იმითი, რომ ახლა მიმდინარეობს სწორედ  მსხვილი კომუნალური პროექტები, რომელიც ქალაქს აბსოლუტურად სხვა სიცოცხლეს შესძენს, მე ვგულისხმობ იგივე 60 მილიონიან პროექტს, რომელსაც ახლახანს ხელი მოეწერა გონიო-კვარიათის წყლის მომარაგებისა და ჯავახისშვილის ქუჩიდან  მეჯინისწყლამდე ტერიტორიის წყალარინების სისტემის მომარაგება, ასევე მახინჯაურში წყლის სისტემის მომარაგება. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, ამავე დროს ბევრი სიახლე სატრანსპორტო სფეროში, ბევრი სიახლე სხვადასხვა სოციალური იქნება თუ ჯანდაცვის, განათლების, კულტურის სფეროში. თუმცა ამას ყველაფერს რა თქმა უნდა დრო შეაფასებს. ერთია ჩემი სურვილი და მეორე რა იქნება ფაქტი.

მაია შავაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...