ბათუმის “დინამოს” დავალიანება 520 ათას ლარს შეადგენს

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-დან ლიგა ორში დაქვეითებულ ბათუმის "დინამოს" სახელფასო დავალიანებების სახით გასასტუმრებელი 520 ათასი ლარი აქვს, რაც დღეისთვის კლუბის გაუსტუმრებელ ვალდებულებებად ითვლება.

ამასთან, დღესვე, "აიპრესისთვის" ცნობილი გახდა, რომ კლუბის გენერალური დირექტორი, ოთარ ფედიჩკინი თანამდებობიდან დაითხოვეს.

"აიპრესი" ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ მას ხელშეკრულება კლუბთან წლის ბოლომდე აქვს და 31 დეკემბერს ეს კონტრაქტი იწურება. ფედიჩკინის თქმითვე, ხელშეკრულების გაგრძელებაზე საუბარი არ ყოფილა, კლუბი კი იყიდება.

ბათუმის "დინამოს" გენდირექტორის განცხადებით, არსებული დავალიანების თანხა მათთვის პორტს უნდა ჩაერიცხა, რის შემდეგაც ვალდებულებებს გაისტუმრებენ.

"ხელშეკრულება წლის ბოლომდე მაქვს. როგორც იცით, კლუბი იყიდება, რაც შეეხება დავალიანებას, 520 ათასი ლარია და პორტი დაგვპირდა, რომ ამ თანხას მოგვცემდა, რადგან ის ჩვენი სპონსორია. ჯერ ეს თანხა არ ჩაურიცხავთ, მაგრამ იმედია, ჩარიცხავენ", – განაცხადა ფედიჩკინმა.

"აიპრესის" ინფორმაციით, აჭარულ კლუბს, დროებით, გია ცანავა უხელმძღვანელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად