ბათუმის ბულვარის დირექტორის ახალი მოადგილეები დაინიშნენ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

ბულვარის დირექტორის პირველ მოადგილედ დავით სურგულაძე, ხოლო მოადგილეებად სოფო გუჯაბიძე და სოფიო ლაზიშვილი დაინიშნენ.

„მოხარული ვარ, რომ თითოეული მათგანი არის ნამდვილად კვალიფიციური კადრი და თავისი საქმის პროფესიონალი. ბატონ დავითს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. დანარჩენ მოადგილეებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. როგორც იცით ისინი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდნენ. ჩვენი გუნდისთვის მათი გამოცდილების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო”-განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ბულვარის დირექტორის განცხადებითვე, ახალი მოადგილეები სამუშაო პორტფელს დღეიდან ჩაიბარებენ და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.

„დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ერთიანი თანამშრომლობით და გვერდში დგომით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის გაგრძელებას ბულვარის განვითარებისათვის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად“ – აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ბულოვარის ხელმძღვანელმა ახალ მოადგილეებს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის წესით შეირჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად