ბასილ კობახიძე: პროკურატურამ მეუფე იაკობის წინააღმდეგ უნდა აღძრას სამე, მისი განცხადებები საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია

ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

ამის შესახებ ბასილ კობახიძე მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი განცხადებები საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია.

“პროკურატურამ მეუფე იაკობის წინააღმდეგ უნდა აღძრას საქმე, ადამიანების სიცოცხლის მოსპობისაკენ საჯაროდ მოწოდებისათვის. მამა გიორგი მამალაძეს არაფერი დაუშავებია და 9 წელი მიუსაჯეს, ხოლო ეს იაკობი თავისუფლად უნდა მოუწოდებდეს ჟურმალისტების დახოცვისაკენ შარლი ებდოს მაგალითის მოშველიებით? თან იაკობი თვითონ იღებს და ავრცელებს ამ მოწოდების ვიდეოს. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს რომ ეს იაკობის უვნებელი ბოდვაა. მეუფეებისაგან ზომბირებული მრევლი უკვე დიდი ხანია მზადაა ფიზიკურად გაუსწორდეს სულიერი მამების მიერ დასახელებულ ”ეკლესიის მტრებს” და მხოლოდ ერთი ნაპეწკალი სჭირდება. ასეთი შემთხვევები ყოფილა და არის, შორს რომ არ წავიდე, აგერ მე გადამხდომია არაერთხელ, ასევე ახალგაზრდა თეოლოგებსაც, მაგალითად გიორგი ტიგინაშვილს. სახელმწიფომ თუ არ მიიღო ზომები, იაკობის და სხვა მეუფემამაოების ამგვარი მოწოდებები ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს”,-წერს ბასილ კობახიძე.

შეგახსენებთ: ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე დამოუკიდებელი ტელევიზიები  ეკლესიასთან ბრძოლასა და სიცრუის ტირაჟირებაშიც დაადანაშაულა.

რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ ეკლესიას კარგად გადახედონ ხელმძღვანელები ვინ არიან, იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ, იმიტომ რომ მოსათხოვია და მოეთხოვებათ კიდეც, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა რელიგიაზე შეტევის მაგალითად საფრანგეთში “შარლი ებდოზე” მომხდარი ტერორისტული აქტი მოიყვანა. “ჩვენ ხომ ასეთები არ ვართ, რადგან მასეთები არ ვართ და  მოწყალებას ვიჩენთ  ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ. მტრები არიან ჩვეულებრივი”.

მეუფე იაკობმა ეკლესიის კრიტიკოსების მიმართ ხმის ამოღებისკენ მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირებსაც მოუწოდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად