ბარსელონაში, საპროტესტო აქციების გამო, საგრადა ფამილია დროებით დაიკეტა

ბარსელონაში, საპროტესტო აქციების გამო, „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“- ”საგრადა ფამილია” (Temple Expiatori de la Sagrada Família) დამთვალიერებლებისთვის დროებით დაიკეტა. ამის შესახებ დაწესებულების პრესსამსახური იტყობინება.

დღეს, 18 ოქტომბერს, ქალაქში ხუთი მთავარი მსვლელობაა დაგეგმილი. ასევე, კატალონიაში მასშტაბური გაფიცვა დაიწყო.

დილით, მომიტინგეების ჯგუფმა “საგრადა ფამილიას” შესასვლელი დაბლოკა. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ასეთ პირობებში ისინი ვიზიტორთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. პირებს, რომლებსაც ბილეთი უკვე შეძენილი აქვთ, მთელი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

ბარსელონას “ელ პრატის” საერთაშორისო აეროპორტმა გაფიცვების გამო, უკვე 57 ავიარეისი გააუქმა. გარდა ამისა, აქციის მონაწილებმა საფრანგეთის საზღვართან, ასევე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით გზები გადაკეტეს.

ზოგიერთმა მომიტინგემ საბურავების დაწვა დაიწყო. როგორც სააგენტო AP იტყობინება, სარკინიგზო კომპანიებმა გარეუბნებსა და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ტრანსპორტირება  შეამცირეს. შექმნილი ვითარების გამო, ბევრი მაღაზია და კერძო კომპანია დაიკეტა.

საპროტესო აქციის შედეგად, მინიმუმ ექვსი ადამიანი დაშავდა.

ბარსელონაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ოქტომბერს, დილით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე არალეგიტიმური რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულ კატალონიის ხელისუფლების ყოფილ 12 წევრს განაჩენი გამოუტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად