ბარონ დე ბაის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. ინფორმაციას თბილსის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

სამუშაოების ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში, 8 615 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„მიმდინარე წელს, დიდი დიღომში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. უკვე სამი ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა, ოთხ ქუჩაზე კი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა, ბარონ დე ბაის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 244 370 ლარია, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...