ბარამიძე: სააკაშვილს არ უთქვამს პროპორციულს არ დათანხმდეთო, მთლიანად საარჩევნო სისტემაზე საუბრობდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის განცხადებაში მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე არ საუბრობდა და ის ყურადღებას ამახვილებდა როგორც საარჩევნო კომისიებზე, ისე ზოგადად მთლიანად საარჩევნო სისტემაზე, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა „აიპრესს“ იმ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა ეთანხმება თუ არა მის პათოსს, როცა მან თქვა, რომ ვინც „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ პროპორციულ არჩევნებს დათანხმდება, ან „გაყიდულია“ ან სულელი.

_ აღნიშნეთ, რომ ემოციური ნაწილი გვერდზე უნდა იყოს გაწეული საერთო ინტერესების გამო. თუ იზიარებთ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ პროპორციული არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით ვინც „ოცნების“ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდება, ან სულელია ან “გაყიდულიო”?

_ არა, მარტო პროპორციულზე არ ყოფილა იქ საუბარი. იქ საუბარი ასევე იყო საარჩევნო კომისიებზე და ზოგადად მთლიან გარემოზე. კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. პროპორციულს რამდენი ხანია ვითხოვთ „ნაციონალური მოძრაობა“.

ყველა შემთხვევაში, თუნდაც იმ ბუნებრივი ბარიერით, რაც 0.67%-ია ბევრად სჯობს დღევანდელ სისტემას – მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემას. რა თქმა უნდა მზაკვრული გეგმაა, ისევ საქართველოსთვის საზიანო, რათა ქვეყანა პოლიტიკურად დაქსაქსული იყოს რისკები გაიზარდოს იმისა, რომ ეთნიკური ნიშნით პარტიები შეიქმნას, ასევე იმისა, რომ მარგინალური და რადიკალური ძალები, რომლებიც როგორც წესი კრემლისგან მართულებია პოლიტიკურ ძალებად ჩამოყალიბდნენ და პარლამენტში ასე მოხვდნენ. ეს რისკები იზრდება, მაშინ როცა ქვეყანას რისკების გაზრდა კი არა და ამ რისკების მკვეთრად შემცირება სჭირდება. ივანიშვილი პოლიტიკური გარდაცვალების გზაზე ცდილობს კიდევ რაღაც მავნებლობა ჩაიდინოს.

_ სააკაშვილის განცხადების იმ პათოსს არ იზიარებთ სრულად თუ გგონიათ, რომ მე გეკითხებით კონტექსტიდან ამოგლეჯილად?

_ მე გპასუხობთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეხებოდა მთლიანობაში ამ მთლიან კომპლექსს ამ საკითხებისა და არა მარტო ამოგლეჯილად პროპორციული თემისა.

_ თუმცა რიგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, მაგალითად ეკა გიგაურმა თქვეს, რომ სააკაშვილს არ ესმის რეალურად რა ხდება ქვეყანაში. მაშინ ეს რაზე მიანიშნებს?

_ ეკა გიგაურის განცხადების კომენტირება, რა და როგორ ესმის სააკაშვილს, არა მგონია რელევანტური იყოს. მე გეუბნებით იმას, როგორც თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

_ კი, მაგრამ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, სულ რამდენიმე წინადადებიანი იყო. თქვენ თუ სხვა განცხადება გაქვთ მხედველობაში, ეს მე არ ვიცი.

_ მაგას გეუბნებით, რომ ეს იყო ერთიანად საარჩევნო გარემოსა და სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება და არა მხოლოდ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით და ნულოვან ბარიერთან მიმართებით გაკეთებული განცხადება.

არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ადგილობრივი კომისიები, პარტიების დაფინანსების წესი… ყველაფერი, რაც არჩევნებთან არის დაკავშირებული. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა და ასე ჩატარდა არჩევნები, ეს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს.

_ თუმცა ამას ალბათ სჭირდება კონსულტაციების და პოლიტიკური პოლემიკა.

_ ამას შემდეგი ეტაპი სჭირდება და ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია ივანიშვილის მშვიდობიანად შეცვლის საქმეში პროპორციული სისტემის მიღწევა. რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია საუბრობს. პირადად თქვენთანაც მქონდა 20 ივნისის გავრილოვის სისხლიან ღამემდე საუბარი არაერთხელ.

„ოცნებაში“ უნამუსოდ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ ეს არ მოგვწონს, ან მისაღები არ არის, რაც სრული ტყუილია. ტყუილები და ცილისწამებები ჩვენ ნამდვილად არ გვიკვირს, მაგრამ ჩვენ – პრეზიდენტმა სააკაშვილმაც და სხვა ლიდერებმაც ყურადღება გავამახვილეთ სხვა ასპექტებზე, რომელიც მოსაგვარებელია. ბრძოლა წინ გვაქვს იმისათვის, რომ ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს.

აქვე მინდა გავაკეთო განცხადება თქვენთან საუბრისას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ხშირად არის საუბარი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს თუ 2020 წელს. მიგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ დაკარგა როგორც ლეგიტიმაცია, ისე ადეკვატურობა. ეს ხელისუფლება ჩადის მავნებლობებს. შეიძლება რაღაცას უნებლიე მავნებლობას ჩადის, მაგრამ 20-ში და 21-ში რაც გააკეთეს ამას უნებლიე მავნებლობას ვერ დავარქმევ. ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ხალხს პარლამენტში შესვლა რომ უნდოდა, მხოლოდ იმას იგერიებდნენ და სხვა არაფერი არ მომხდარა. რაც მათ ჩაიდინეს, ამით სრულად დაკარგეს ლეგიტიმურობა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა დგას, ამიტომ ამ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნა ხიფათია, ამიტომ არ გვაქვს მორალური და პოლიტიკური უფლება დაველოდოთ, როდის მოვა 2020 წელი. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ როგორც კი პროპორციულ სისტემაზე გადავალთ და როგორც კი საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით პრობლემას მოვაგვარებთ, ვეცადოთ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

_ ცვლილებები, რაზეც საუბრობთ 2020 წლამდე მოსწრებადია?

_ აბსოლუტურად მოსწრებადია ამ წლის ბოლომდეც და ბოლოს და ბოლოს თუნდაც გაზაფხული იყოს. იმიტომ, რომ ყოველი დღე ამ ხელისუფლების არსებობისა სერიოზული პრობლემაა ჩვენი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს მოვითხოვოთ, რამდენად გაიზიარებენ სხვა პარტიები და საზოგადოება, ეს უკვე სხვა თემაა.

_ „ჩვენ“-ში „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ თუ გაერთიანებულ ოპოზიციას?

_ „ნაციონალური მოძრაობაც“ და გაერთიანებული ოპოზიციაც.

P.S. 24 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ვიდეომიმართვააში ასეთი განცხადება გააკეთა:

“ეს კაცი [ივანიშვილი] მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად? ერთი რამ სრულიად ნათელია, ივანიშვილი პანიკაშია, მაგრამ ახლა ვინც ამას დათანხმდება, აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...