ბარამიძე: განცხადება, თითქოს სააკაშვილმა რუსეთსა და დასავლეთს შორის ტოლობა დასვა, ბოდვაა!

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ სრული ბოდვაა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადება, რომ სააკაშვილმა ტოლობა დასვა დასავლეთს და რუსეთს შორის.

როგორც ბარამიძემ „აიპრესს“ განუცხადა, სააკაშვილის განცხადება ბუნებრივია დასავლეთის კრიტიკას შეიცავს.

„ბუნებრივია ეს განცხადება შეიცავს დასავლეთის კრიტიკას იმ საკითხზე, რომ ხშირად დასავლეთი გულგრილია იმ ფაქტების წინაშეც კი, რასაც ისინი ხედავენ. არ რეაგირებენ ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების ხელყოფის წინაშე. იგივე საქართველოს მაგალითი, რომ გავიხსენოთ 2008 წლამდე, ვლაპარაკობდით რუსეთი ომს ამზადებსო, მაგრამ არავინ გვიჯერებდა. მერე 2008 წლის შემდეგ ვსაუბრობდით, რომ შემდეგი უკრაინა იქნება, სანამ ყირიმი არ მოხდა. იქამდე ნატოც და სხვა ორგანიზაციებიც რუსეთს ლამის მეგობრად და პარტნიორად განიხილავდნენ.

ეს არის ამ ტიპის განცხადება და არა უკუღმართად, როგორც ეს ზოგიერთმა, უპირველეს ყოვლისა კი ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აიტაცეს და თქვეს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ტოლობა დასვა. ეს არის სრული ბოდვაა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ტაბულა” ავრცელებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...