ბარამიძე: აფრასიძეებმა მითი გაყიდეს და კალაძის ოჯახს ფული ამაში გადაახდევინეს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია ბარამიძემ არ დაადასტურა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ გია ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია კახა კალაძემ დააფინანსა.

აღნიშნული ბრალდება თბილისის მერის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” გააჟღერა, რის შემდეგაც გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნული შეწკითხვით გია ბარამიძეს მიმართა.

“აფრასიძეებს იმდენად ჰქონდათ განთქმული სახელი აბსოლუტურად ხელშეუხებელი და მიუწვდომელი კრიმინალების, სრულიად ტყუილად, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ სრულიად არ ყოფილა კალაძის ძმა იქ, ოჯახს გადაახდევინეს აფრასიძეებმა ფული კალაძის ოჯახს და შეიძლება ბატონმა შალვამ ეს იცის”-განაცხადა გია ბარამიძემ.

“ამას გულისხმობდით, როცა თქვით, რომ კახა კალაძემ დააფინანსა სპეცოპერაციაო?”- შეკითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ შალვა ნათელაშვილს, რაზეც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კალაძეებმა სპეცოპერაციაშიც შეიტანეს წვლილი.

“შს სამინისტროს ფინანსები და რესურსები ცოტა ჰქონდა მაშინ”-თქვა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის ინფორმაცია უარყო ყოფილმა შს მინისტრმა გია ბარამიძემ.

“თვითონ სპეცოპერაცია არა , მაგრამ იმ დონეზე იყო მათი სახელი განთქმული, რომ მითი გაყიდეს, თქვენი შვილი ჩვენთან არის და თუ ფულს გადაიხდით, დაგიბრუნებთო” -განაცხადა გია ბარამიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად