ბაქრაძე: ვფიქრობ, ნატო-ს მიერ შავი ზღვის პრიორიტეტად გამოცხადებას საქართველოს ალიანსში გაწევრიანება მოჰყვება

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივად აფასებს ნატოს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც მთავარი აქცენტი შავის ზღვის უსაფრთხოებაზე კეთდება.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, როდესაც მინისტერიალმა გამოაცხადა ბალტიის ზღვის უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ამას მოჰყვა ბალტიის სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანება, შემდეგ ანალოგიური მიდგომა იყო ადრიატიკის ზღვის მიმართ და ამას მოჰყვა ბალკანეთში სიტუაციის დამშვიდება და ბალკანეთის ქვეყნების სვლა ნატოსკენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა დადგა შავი ზღვის ჯერი. ბოლო წლების ყველაზე მძაფრი დაპირისპირება არის სწორედ შავ ზღვაზე.

ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც აფხაზეთის და ყირიმის ოკუპაციის გზით ცდილობს, არ დაუშვას შავი ზღვის მოძრაობა დასავლური უსაფრთხოების სისტემისკენ.

ამიტომ, ნატოს მხრიდან შავი ზღვის პრიორიტეტად გამოცხადება დარწმუნებული ვარ, იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რა შედეგამდეც მიიყვანა ადრიატიკის და ბალტიის ზღვის შემთხვევაში. ანუ ამას მოჰყვება შავი ზღვის სახელმწიფოების, მათ პირველ რიგში, საქართველოს გაწევრიანება ნატოში”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად