ბაქრაძე: კედელი არის სიმბოლო შეშინებული, მომწყვდეული, ხალხისგან იზოლირებული ხელისუფლებისა

„კედელი არის სიმბოლო შეშინებული, მომწყვდეული, ხალხისგან იზოლირებული ხელისუფლებისა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიექანება თვითიზოლაციისა და უფსკრულისაკენ, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში აკეთებს“.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ დაიწყო ამ ხელისუფლების დაბოქლომება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის კედელში და სარკოფაგში მოქცევით დაასრულა.

“ოპოზიციას დიდხანს რომ გვეფიქრა, სიმბოლო მოგვეძებნა დღევანდელი ხელისუფლებისთვის, უკეთეს სიმბოლოს ვერ მოვიფიქრებდით. თავის დროზე ჩვენ დავიწყეთ ხელისუფლების დაბოქლომება და ქართულმა ოცნებამ თვითონ დაასრულა ახლა საკუთარი თავის კედელში და სარკოფაგში მოქცევით.

ეს კედელი არის სიმბოლო ხელისუფლების, რომელიც იმალება ხალხისგან, კედელი არის სიმბოლო ხელისუფლების რომელმაც შექმნა პრობლემები, მოატყუა ხალხი და ახლა ამ თავისი შემქნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად იმალება კედლის, სპეცრაზმის და პოლიციის უკან. კედელი არის სიმბოლო თუ რითი პასუხობს ხელისუფლება შვილმოკლულ მამას, რომელიც 2 წელია სამართალს ითხოვს. კედელი არის სიმბოლო თუ რითი პასუხობს ხელისუფლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკას იმიტომ, რომ გუშინ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში ზუსტად ეს თქვა, რომ თვითონ ხელისუფლებამ დაბლოკა პარლამენტი კედლით და ეს არ არის დემოკრატია. ამის საპასუხოდ დღეს პერმანენტული კედელი ააგო ხელისუფლებამ.

კედელი არის სიმბოლო შეშინებული, მომწყვდეული, ხალხისგან იზოლირებული ხელისუფლებისა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიექანება თვითიზოლაციისა და უფსკრულისაკენ. ასეთი კედლები ვერცერთ ქვეყანაში დიდხანს ვერ ძლებს და ჩვენი ამოცანა ამ ქვეყანაში არის ის, რომ მშვიდობიანად, პასუხისმგებლიანად მოვაშოროთ საქართვლოს ეს კედელი და მოვაშოროთ ამ კედლის ამგები ხელისუფლება,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ მწვანე ღობე აღიმართა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად