ბაქრაძე: გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის მოსამზადებლად ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შეიქმნას

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მეორე ტურის მოსამზადებლად ოპოზიციურ პარტიებს ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ, ქართველმა ხალხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი ნება დააფიქსირა. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას ივანიშვილის გუნდმა მოუტანა. ამიტომ, გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის, მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება, უკვე მეორე ტურის შედეგებში.

სწორედ ამიტომ, გუშინ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსახვავებებისა, მეორე ტურში ჩვენ მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს. დღეს გამოვდივარ კონკრეტული ინიციატივით, რომ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადებისა და გამარჯვებისთვის.

რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას და ერთიან ოპოზიციას ჰყავთ საკუთარი შტაბი, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ამოცანაა დამატებითი ხმების მოზიდვა და ოპოზიციური პარტიების ერთად მუშაობა, გამოვდივარ ინიციატივით, შევქმნათ ერთობლივი საკოორდინაციო შტაბი”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...