ბაქრაძე: დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც

„ოკუპაცია გრძელდება. სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით ადა რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა. აუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი ჩვენი რესურსი მოვახმაროთ ოკუპაციის შეჩერებას. დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რადგან ჩვენი ფუნდამენტური ეროვნული ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა გავაჩეროთ ოკუპაცია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. „ევროპულ საქართველოს“ აქვს მნიშვნელოვანი საგარეო კონტაქტები, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში“.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდრემა დავით ბაქრაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.

დავით ბაქრაძე ადგილზე მყოფ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა, ასევე საოკუპაციო ძალების მიერ დამოტაჟებულ რკინის გამყოფ ღობეებთან მივიდა.

მისი თქმით, ადგილზე მყოფმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების მიერ გუგუტიანთკართან სამუშაოები აღარ მიმდინარეობს და სიმშვიდეა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი საერთაშორისო-დიპლომატიური კლიმატი რუსეთზე ზეწოლის, რომელიც ამ სამუშაოებს შეაფერხებს და საერთოდ ააღებინებს ხელს შემდგომ ე.წ. ბორდერიზაციაზე. საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე, ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ქართული მხარე უნდა მუშაობდეს.  დღეს გუგუტიაანთარში არ მინდა შიდა უთანხმოებაზე საუბარი. აქ დამნაშავე არის მხოლოდ რუსეთი და ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ბრალი გადმოაქვს შიდა ქართულ განსხვავებებზე, უადვილებს რუსეთს ე.წ. ბორდერიზაციას“, – განაცხადა  დავით ბაქრაძემ.

ცნობისათვის: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. ამასთან, დღეს და გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ადგილზე სამუშაოები არ განუახლებიათ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...