ბაქოში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაჯილდოვდა

ბაქოში აზერბაიჯანის კვების მრეწველობის 21-ე საერთაშორისო გამოფენა და სოფლის მეურნეობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა „კასპიან აგრო” გაიმართა. "კასპიან აგროზე" ქვეყნის საუკეთესო წარმოჩენისთვის საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა.

გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე უცხოურმა და ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო, 7 000-მდე სტუმარმა დაათვალიერა.

გამოფენას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა. პრეზიდენტმა საქართველოს სტენდი დაათვალიერა, ქართველ მეწარმეებს წარმატებები უსურვა. როგორც ილჰამ ალიევმა განაცხადა, მისასალმებელია, რომ გამოფენაზე საქართველო ასეთი მრავალფეროვანი პროდუქციით პირველად წარსდგა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  გოჩა ცოფურაშვილმა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის, ლიტვის და ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან გამართა. შეხვედრებზე მხარეებმა აგრარულ დარგში სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი  ღვინო, ცქრიალა ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, ნატურალური წვენები, საკონსერვო ნაწარმი, რძის ნაწარმი და სხვა პროდუქცია იყო წარმოდგენილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად