ბანკში შეჭრილი ტერორისტი, რომელიც “ყველა პრეზიდენტის დაპატიმრებას” ითხოვდა, უკრაინის უშიშროების სპეცრაზმმა დააკავა (ვიდეო)

კიევის ცენტრში, ბიზნეს-ცენტრ ლეონარდოში მდებარე “უნივერსალ-ბანკის” განყოფილებაში შეჭრილი მამაკაცი ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკოს მიერ ფეისბუქით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 12:00 საათზე “უნივერსალ-ბანკის” თანამშრომელმა აცნობა სამართალდამცავებს, რომ კიევში, შევჩენკოს რაიონში, ბიზნეს-ცენტრ ლეონარდოში მდებარე “უნივერსალ-ბანკის” განყოფილებაში შესული დაახლოებით 35 წლის მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ ზურგჩანთაში აქვს ბომბი, იმუქრება აფეთქებით და ითხოვს პოლიციის გამოძახებას. მამაკაცმა ყველა თანამშრომელი გაუშვა და მასთან ერთად, საკუთარი სურვილით, დარჩა განყოფილების ხელმძღვანელი.

გერაშჩენკო წერდა, რომ პოლიციას უკვე დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკება მამაკაცთან და მას დანებება შესთავაზეს.

გერშჩენკოს მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჟურნალისტმა ბოგდან ამინოვმა დაწერა ფეისბუქში, რომ ბანკში შეჭრილი მამაკაცი პირდაპირ ეთერს ითხოვს და სამართალდამცავები ტელეარხებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

დაახლოებით 13:50 საათზე გერაშჩენკომ დაადასტურა, რომ ბანკის შენობაში რამდენიმე ტელეარხის ჟურნალისტები შეუშვეს. მან ტელეეკრანიდან განაცხადა, რომ მამაკაცს ფეხზე გამობმული აქვს თოკი, რომლიც მეორე ბოლოც, როგორც თავდამსხმელი ამტკიცებს, გამობმულია ზურგჩანთაში არსებულ ბომბზე.

ოდნავ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი, 1988 წლის 23 მარტს დაბადებული სუხრობ რახმანოვიჩ კერიმოვი უზბეკეთიდან, ქალაქ სამარყანდიდანაა, ცხოვრობს ზაპოროჟიეს ოლქის სოფელში. გერაშენკოს თქმით ის ცოლიანია, ჰყავს ბავშვი.

“მისი სოციალური ქსელებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანია. ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად სერიოზულია მისი განზრახვა და აქვს თუ არა მას ნამდვილი ბომბი. ამიტომ ამ მომენტში არჩეული გვაქვს მოლაპარაკების სტრატეგია. შევეცდებით გავაკეთოთ ისე, რომ ტერორისტი დაგვნებდეს – თავის თავისთვის უვნებლად. თუ ის გააგრძელებს წინააღმდეგობას, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ

დაახლოებით 16:00 უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს ტერორისტის ნეიტრალიზება. გერაშენკოს თქმით, თავდამსხმელი ცოცხალია, აფეთქება არ მოხდარა, ადგილზე გამნაღმელები მუშაობენ, შემდეგი ეტაპი კი სასამართლო და ციხეა.

უკრაინული მედიის ცნობით, ტერორისტს რამდენიმე ტელეარხზე მისცეს გამოსვლის საშუალება რა დროსაც მან მოითხოვა “ყველა პრეზიდენტის დაპატიმრება” და აგრეთვე, “მთელ პლანეტაზე სამხედრო მდგომარეობის შემოღება”. მან აგრეთვე განაცხადა, რომ უკმაყოფილოა უკრაინაში არსებული მდგომარეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად