ბანგლადეშში სკოლის მოსწავლე სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრის შეტანის შემდეგ, ცოცხლად დაწვეს

მსოფლიოში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია 19 წლის გოგონას ისტორიამ, რომელიც ბანგლადეშში სკოლის დირექტორის მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტის გამხელის შემდეგ, ცოცხლად დაწვეს. BBC-ის ცნობით, ახალგაზრდა ნუსრათ ჯაჰან რაფის საწვავი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს.

ინციდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ყურადღების ეპიცენტრში მოექცა.
გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ბანგლადეშში, მია სეპო , ხელისუფლებას მოუწოდებს, მომხდარი ფაქტი ობიექტურად და დაუყოვნებლივ გამოიძიოს.
19 წლის მოსწავლეს, რომელიც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან 110 კილომეტრის დაშორებით სკოლაში სწავლობდა, 6 აპრილს ბენზინი შეასხეს და დაწვეს.
27 მარტს, მან პოლიციაში სკოლის დირექტორის მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის თაობაზე საჩივარი შეიტანა. თუმცა, პოლიციამ მისი ჩვენება ვიდეომასალით გადაიღო. კადრები მოგვიანებით ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
ჩვენების საფუძველზე სკოლის დირექტორი დააკავეს, თუმცა მის დაკავებას საზოგადოებუს მხრიდან უარყოფითი რეაქცია და მხარდამჭერი აქციები მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ, ნუსრათი ფინალური გამოცდის დასაწერად სკოლაში მაინც წავიდა.
6 აპრილს ის სკოლის სახურავზე დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ ჩვენებაზე უარი ეთქვა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ცეცხლი წაუკიდეს. ის მძიმე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალებამდე მან ინციდენტის დეტალები გაასაჯაროვა.


ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული ქვეყანაა. ქვეყანაში ბევრი ქალი სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლია, თუმცა მომხდარზე საჯაროდ საუბარს დუმილს ამჯობინებენ, რადგან საზოგადოების ან ოჯახების მხრიდან უარყოფითი რეაქციის ეშინიათ. როგორც BBC წერს, ბანგლადეშის ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფი იტყობინება, რომ 2018 წელს ბანგლადეშში გაუპატიურების 940 შემთხვევა დაფიქსირდა. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. 19 წლის ახალგაზრდა გოგონას ისტორიამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ დიდი ვნებათაღელვა და აღშფოთება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...