ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებამდე 1 დღე რჩება

26, 27 და 28 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. 3,4 და 5 მარტს კი – სნოუბორდ კროსის. ამასთან დაკავშირებით ბაკურიანში საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, სათხილამურო ფედერაციამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პრესკონფერენცია გამართეს, რომელშიც FIS – ის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ორივე ეტაპისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია დასრულებულია. წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა, 15 ქვეყნიდან (იაპონია, ა.შ.შ, ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, ავსტრია, ავსტრალია, არგენტინა)

წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში, სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში მონაწილეობენ თითო გუნდიდან 1 გოგო და 1 ბიჭი  ტრასაში.

არანაკლებ სანახაობრივი იქნება სნოუბორდ კროსის შეჯიბრი, სადაც ასევე 4 სპორტსმენი ერთდროულად აიღებს სტარტს და  ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთას ეცდება.

თვეზე მეტია, ბაკურიანში სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ტრასების აშენება, გაწმენდა და ხელოვნური  გათოვლიანება. ბაკურიანში უკვე იმყოფებიან უცხოელი სპორტსმენები და FIS – ის დელეგატები. მათი მეთვალყურეობით ხდება ტრასის ფინალური ინსპექტირება.

„ხვალინდელი შეჯიბრისთვის ყველაფერი უკვე მზად არის. ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს ჩვენი ფედერაციის გუნდის წევრებმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა. დიდი მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. ყველა მოხალისეს და საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, რომელთა დახმარების გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ვერ გაკეთდებოდა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის მუდმივ მხარდამჭერს, კომპანია სილქნტს, რომელიც პირველი ნაბიჯებიდან გვერდში გვიდგას და უდიდესი წვლილი შეაქვს მთის განვითარებისთვის“, – ზურაბ კოსტავა, საქართველოს სათხილამურო ფედრერაციის პრეზიდენტი.

წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ღონისძიებებზე გულშემატკივრები და ამ სპორტის მოყვარულები დასწრებას ვერ შეძლებენ. ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

„საქართველო ძალიან კარგად მომზადებული დაგვხვდა, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ასევე კოვიდ 19 ის რეგულაციების თვალსაზრისით. ყველა ჩვენი რეკომენდაცია ზედმიწევნით კარგად სრულდება.  მონაწილეებს უტარდება PCR ტესტირება, დაცულია ყველა ის წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ამ რთულ პერიოდიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი შეჯიბრები ჩავატარეთ. ვგულშემატკივრობთ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიმავალ გზაზე.  ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ძალიან კომფორტულად და ეფექტიანად ვმუშაობთ და შედეგებიც შესაბამისად გვახარებს“, – განაცხადა კლაუს ვალდნერმა – კროსის საშეჯიბრო ხელმძღვანელი (FIS)

 

ყოველი დღის შეჯიბრის პირდაპირი ტრანსლირება  ევროსპორტის, ევრონიუს ჯორჯიას და სილ უნივერსალის მეშვეობით მოხდება.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტია“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...