ბახტაძე: სიღარიბე რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის

სამწუხაროდ, სიღარიბე საქართველოში რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ყველას გილოცავთ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას!

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იმის ფონზე, რომ მსხვილ ეკონომიკებსა და მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები შეინიშნება.

რეიტინგის გაუმჯობესება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, მაგრამ ის არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და დავძლიოთ სიღარიბე.

რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა.

განსაკუთრებით იქნა აღნიშნული: სავაჭრო დეფიციტის შემცირება; ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები; ეროვნული ბანკის გაზრდილი რეზერვები; მიწის რეფორმა; დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლების რეფორმა (რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის 25% ყოველთვის მოხმარდება ეროვნულ იდეას – განათლებას).

სამწუხაროდ, სიღარიბე საქართველოში რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია – ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ის უზრუნველყოფს ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი ეკონომიკური პრობლემების სისტემურ გადაჭრას.

როგორც ჩემს ბოლო მიმართვაში აღვნიშნე და დღევანდელი დღე ამის დასტურია, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა საინვესტიციო რეიტინგის მიღების. ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ სიღარიბესა და ცხოვრების ევროპულ დონესთან მიახლოვების რეალური პროცესის დაწყებას.”,- წერს ბახტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად