ბახტაძე: ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა

გარდა იმისა, რომ რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზებს, იგეგმება ასევე მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობა. ეს ისეთი მნიშვნელობის გზებია, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი პროექტებია პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რაჭის 54 კმ-იანი საავტომობილო გზის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილის და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზების მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა 2 კმ-იანი საავტომობილო გვირაბი, რომლის მასშტაბის გვირაბი საქართველოში 50-იანი წლების შემდეგ არ აშენებულა.

„დარიალის ხეობაში ბოლო წლებში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, ამ გვირაბის მშენებლობით კი დარიალის ხეობაში გადაადგილება გახდა უსაფრთხო. დამთავრდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი თითქმის 6 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა. გერგეტის სამება ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. მომავალი წლიდან დაგეგმილია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი, მომავალ წელს დასრულდება აგრეთვე მუცოს აღდგენისა პროექტიც.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთა და მთის კურორტები უნდა განვითარდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა ქვეყანამ მოიპოვოს საერთაშორისო სპორტული ტურნირების ჩატარების პოტენციალი.

„2023 წელს იცით, რომ მივიღეთ დასტური და საქართველო ბაკურიანში უკვე უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება კურორტის ცნობადობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად