ბახტაძე: ჩვენი უძველესი ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა

ჩვენი უძველესი ტრადიციები – სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და  ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ “შუამთობაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და უხუცესებს უძველესი და ლამაძი ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ულამაზესი ტრადიციები ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის,როგორც უფროსი თაობისთვის, რომელმაც შეგვინარჩუნა ეს ტრადიციები. თქვენ ხართ გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, ეს მთები კი ჩვენი ძლიერი ფესვების დასტურია და ჩვენ გიერთდებით ამ ლამაზი ტრადიციების გაგრძელებაში. ჩვენთვის ქართულ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება დავიწყეთ, რომ საქართველოში ყველა  კუთხე თანაბრად განვითარდეს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ ზემო აჭარაში, იქნება ეს სკოლების, ბაღების, გზების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ გაზიფიცირება. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ზემო აჭარაში გვექნებოდა ბუნებრივი გაზი. გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და გამოთქვა რწმენა, რომ ის უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა თითოეულმა მათგანმა ღირსეული განათლების მიღება შეძლოს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ხულოს მუნიციპალიტეტის ახალი მერის, ვახტანგ ბერიძისა და მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის შესახებ, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობლივი ძალისხმევით მუშაობენ თითოეული ოჯახის პრობლემების გადაჭრაზე.

“თქვენ ასევე გყავთ მთავრობის ახლგაზრდა, ენერგიული თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ამ კუთხის შვილი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, თქვენი თანადგომით შევძლებთ ყველა იმ იდეის რეალიზაციას, რომელიც ჩაფიქრებული გვაქვს. ამაში დარწმუნებული ვარ და ამის სრულ გარანტიას გაძლევთ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ოჯახის შექმნა მიულოცა ახალდაქორწინებულებს, რომლებიც ტრადიციულად, შუამთობის დღესასწაულზე დაქორწინდნენ და მათ ბედნიერება, ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენას გაეცნო და სპორტულ აქტივობებს, მათ შორის ტრადიციულ დოღს დაესწრო.

ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაული „შუამთობა” ტრადიციულად, ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...