ბახტაძე: 2018-2020 წლებში, ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ მილიარდ-ნახევრის დაბრუნებას ვგეგმავთ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა.

“სიღარიბის დაძლევა საქართველოში გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. საგადასახადო დონე, ანუ გადასახადები დიდი კომპანიებისთვის იყო უფრო დაბალი, ვიდრე მცირე ბიზნესისთვის.

ეს იყო ძალიან დიდი ბარიერი იმისთვის, რომ მცირე მეწარმეობა საქართველოში განვითარებულიყო. ძალიან დიდი ბარიერი გახლდათ, მე ვიტყოდი ქრონიკული თავის ტკივილი ჩვენი საგადასახადო სისტემისა, რასაც ერქვა დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება და ჩვენ შევძელით, შეიძლება ითქვას მართლაც შეუძლებელი. 1 წლის უწინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩვენი მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის დაბრუნებას.

წელს 31 დეკემბრამდე ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. 2018-2020 წლებში ჩვენ ვგეგმავთ რომ მილიარდ-ნახევარი დავაბრუნოთ ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ.

იცით, რომ ზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უნიკალური შეღავათები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ე.წ. 1%-იანი გადასახადი, როდესაც ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის. ეს იყო უპრეცედენტო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული, უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები – ორჯერ არის გაზრდილი ჩვენი მეწარმეების ბრუნვა, მაგრამ ესეც არ არის საბოლოო დონე, დარწმუნებული ვარ, რომ მცირე მეწარმეების რაოდენობა ამ რეფორმების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მინიმუმ გაორმაგდება მომდევნო წელს”, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად