ბაიდენმა ჯონსონს ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანალოგის შექმნა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პარასკევს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას, მან განიხილა “დემოკრატიული ქვეყნების” შესაძლებლობა, შექმნან ჩინეთის მიერ შემუშავებული ინიციატივის – “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ალტერნატივა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

”ჩვენ ვისაუბრეთ ჩინეთსა და კონკურენციაზე, რომელშიც ისინი მონაწილეობენ [“ერთი სარტყელი, ერთი გზის” ინიციატივით]. მე გამოვთქვი იდეა, რომ დემოკრატიული ქვეყნებიდანაც უნდა გვქონდეს მსგავსი ინიციატივა, რათა დავეხმაროთ მსოფლიოს იმ საკითხებში, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ გვერდში დგომა”, – თქვა ბაიდენმა .

საუბრისას მათ ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილებები და ნატოსთან დაკავშირებული საკითხები.

ბაიდენისა და ჯონსონის საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, ასევე აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები “საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისათვის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ჩინეთსა და ირანზე” და, რომ ასევე დაადასტურეს ” ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა ”.

შეგახსენებთ, რომ “ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...