ბაიდენი: ტრამპმა იცრუა, თითქოს სულეიმანის ლიკვიდაციის მიზეზი ჩვენს საელჩოებზე თავდასხმის გეგმა იყო

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 2020 წლის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სიცრუეში ადანაშაულებს.

”გულწრფელად ვამბობ, ვფიქრობ, მან მოატყუა, რომ სულეიმანის ლიკვიდაციის მიზეზი ჩვენს საელჩოებზე თავდასხმის განხორციელების გეგმა იყო”, -განაცხადა ბაიდენმა აიოვას შტატში გამართული დებატებისას.

ისლამური რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი ლიდერის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იანვრის დასაწყისში ერაყში აშშ-ს მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განხორციელდა. აღნიშნულის საპასუხოდ, ირანმა ერაყში სამხედრო ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იყვნენ განლაგებული, ავიაიერიშები განახორციელა.

ჯო ბაიდენმა ასევე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, 2015 წლის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (JCPOA) შესრულებას დაუბრუნდეს.

”რეგიონში ჩვენი პოზიცია დავკარგეთ, ასევე მოკავშირეების მხარდაჭერა. მომავალმა პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ამ ხალხის შეკრება, ჩვენი მოკავშირეობის აღდგენა. მან დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ირანი შეთანხმებას დაუბრუნდეს”, -აღნიშნა ბაიდენმა.

2015 წელს ირანმა და ექვსმა საერთაშორისო შუამავალმა ხელი მოაწერეს JCPOA– ს შეთანხმებას, მაგრამ 2018 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებიდან გასვლისა და თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა. ამასთან დაკავშირებით, ირანმა JCPOA– ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად