ბადრი კოჭლამაზიშვილი: კრიტერიუმების არავის ეშინია

„ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის ზღვარგადასული და დაუსაბუთებელი კრიტიკა. ვფიქრობ, ამას ერთგვარად ჩვენი ყური შეეჩვია. წლების განმავლობაში გვესმის შეურაცხმყოფელი განცხადებები და შეფასებები, თანაც იმ ადამიანებისგან, ვისაც შეურაცხყოფს გამოხატვის თავისუფლება ჰგონია“, – ასე მიმართა სასამართლო კორპუსს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზიშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგგარეშე 25-ე კონფერენციაზე.

„მათი განმარტებით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უცხოური სიტყვაა და ქართულად შეურაცხყოფას ნიშნავს. ეს არაფერი არ იქნებოდა, ამას რომ არ აკეთებდნენ ზოგიერთი ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არადა იმაზე დიდი უფლება რა არის ვიდრე ადამიანის უფლებების პატივისა და ღირსების უფლება?

გვერდზე რომ გადავდოთ ზღვარგადასული კრიტიკა და შეურაცხყოფა, ამ ბოლო დღეებში ჩვენ გავხდით უჩვეულო მოთხოვნებისა და მოწოდებების მსმენელი. ბოლო დღეებში ხშირად გაიგონებთ მოთხოვნებს, დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადადგეს ესა თუ ის მოსამართლე თანამდებობიდან, არ მიეცეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტული კანდიდატების წარდგენის უფლება.

რა მოთხოვნებია ეს? ვის აქვს უფლება ასეთი მოთხოვნების? რა საერთო აქვს ამ მოთხოვნებს კონსტიტუციასთან და დემოკრატიასთან. ასეთ საკითხებზე სასაუბროდ მოიწვევენ ექსპერტებს, რომლებსაც მე პირადად ყოვლისმცოდნე ექსპერტებს ვუწოდებ იმიტომ, რომ შეუძლიათ „ერთნაირად“ ისაუბრონ მელიორაციაზე, მართლმსაჯულებაზე, ფიზიკაზე, კულტურაზე ვისმენ ამ ადამინებს და ხვდები რაოდენ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით და რაოდენ აბსურდს ლაპარაკობენ.

მაგრამ რა, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ექცევა ამ ე.წ. საექსპერტო გავლენის ქვეშ და მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის იუსტიციის საბჭოს დაშლა, მოსამართლეების თანამდებობებიდან გათავისუფლება, რაღაც კრიტერიუმების დაწესება და ა.შ. სასამართლო კორპუსი არგუმენტირებული და გონივრული კრიტერიუმების წინააღმდეგი არ არის. არავის ეშინია კრიტერიუმების“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა კონფერენციაზე.

კომენტარები
იტვირთება...