ბადრი ჯაფარიძე:ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა

” ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა” -აცხადებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

“ნიკა მელიასთან მიმართებაში არის შემოთავაზებული ევროკავშირის თავდებობა. ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი.

რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.

მისივე თქმით, აღნიშნული წინადადება პრეზიდენტ მიშელს მიაჩნია დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად.

კარლ ჰარცელის განმარტებით, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის.

„დღეს, დღის პირველ ნახევარში გავავრცელეთ ერთობლივი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს როგორც ევროკავშირი, ისე აშშ არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი დღეს აპირებდა ახალი წინადადების მიცემას პარტიებისადმი. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიებისადმი.

ვიდრე მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისთვის, რომ ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ გვამცნონ თავისი გადაწყვეტილება, რათა საქართველოში ამ პოლიტიკურ კრიზისს ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...