ბადრი ჯაფარიძე: ეროვნულმა ბანკმა 3 თვის განმავლობაში ლარის კურსის ზედა და ქვედა ზღვარი შემოიღოს

პოლიტიკური მოძრაობა “ლელო” ეროვნულ ბანკს მიმართავს, რომ 3 თვის განმავლობაში ლარის კურსის დერეფანი – ზედა და ქვედა ზღვარი შემოიღოს.

იდეა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გაახმოვანა. რომლის თქმითაც, ამისთვის საკმარისი იქნება 300 მილიონი დოლარის გამოტანა ბაზარზე.

“რა თქმა უნდა ყველას ძალიან აწუხებს ლარის რყევა, რაც გამოწვეულია ობიექტური ფაქტორებით. მაგრამ, ამასთანავე იმ მოლოდინებით, რომელიც არსებობს დღეს ბაზარზე. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ 3 თვის განმავლობაში – ამ პერიოდში, როდესაც პანდემიასთან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, ეროვნულმა ბანკმა შემოიღოს ლარის კურსის დერეფანი – ანუ ზედა და ქვედა ზღვარი. ეს მისცემს საშუალებას ადამიანებს, რომ ჰქონდეთ განცდა, რომ ლარი ამ საზღვრებს არ გასცდება და შესაბამისად, დოლარის შეძენაზე პანიკური მოთხოვნა არ იქნება. ამისთვის ჩვენი შეფასებით საკმარისი იქნება 300 მილიონი დოლარის გამოტანა ბაზარზე, გონივრულ ვადებში და გონივრული თანმიმდევრობით, იმისათვის, რომ შემდეგი 3 თვის განმავლობაში დადგენილი დერეფნის ფარგლებში მოხდეს ლარის კურსის ცვლილება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად