აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებს ჟურნალისტები მედიასემინარზე გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედიასემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს.

ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად კვლავ მიმდინარეობს და გაგრძელდება, სანამ მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.

მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

მედიასემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა მავნებლის რაოდენობა, რამაც მოსავლის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მედიასემინარზე წარმოადგინეს ასევე სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. ამ პერიოდში მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა.

ცნობისთვი, დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 258 ათასი ჰა საკარმიდამო ტერიტორია, ცივი შესხურების მეთოდით – 136 851,40 ჰა, მათ შორის, 44 144,55 ჰა სოფლის პერიმეტრი და 11 700,25 ჰა ტყის პერიმეტრი, 73 006,60 ჰა სიმინდის მასივი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 92 000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

შეწამვლითი სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს ო ტექნიკით მიმდინარეობს საყანე ფართობებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები“.
ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. მათი ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი. მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო მაშინვე აქტიურად ჩაერთო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. რადგან საქართველოს არ გააჩნდა აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების ჩართულობით, შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა. გამოიყო შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. დონორი ორგანიზაციების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობები. თუკი 2017 წელს ბრძოლის ღონისძიებებში მხოლოდ 15 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იყო ჩართული, წელს აღნიშნული რესურსი გაათმაგებულია და რეგიონში 250 -ზე მეტი ტექნიკაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად