აზერბაიჯანული და თურქული უმსხვილესი ინვესტიციები კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სფეროშია

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. 2015 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 160 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია, – 2014 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანიდან 78 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

მიმდინარე წლის პირვლ კვარტალში აზერბაიჯანიდან 59 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2015 წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიცია კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სექტორში განხორციელდა და მან 153 მილიონი დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანიდან ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში, საფინანსო სექტორში და  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში. კომპანიები, რომელშიც აზერბაიჯანული ინვესტიციები განხორციელდა შემდეგია: BP Group, სოკარ ენერგი ჯორჯია, ამერიკან ტრეიდინგ კომპანი , შპს ინტი და შპს ახალი სიცოცხლე.

საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 68 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მესამე ადგილზე თურქეთია. აღსანიშნავია რომ თურქეთიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა და მან 41 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე გაორმაგებული მაჩვენებელია. თურქეთიდანაც აზერბაიჯანის მსგავსად, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა და მან 26 მილიონი დოლარი შეადგინა. თურქული ინვესტიციები მეორე კვარტალში შემდეგ კომპანიებზე მოდიოდა: ჯეოსელი, ტავ ურბან საქართველო, აჭარა ტექსტილე, სს მეტრო ავრასია ჯორჯია და სს მინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად