აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში: თავი დაანებეთ სხვისი მიწისკენ ყურებას!

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იბრძვიან, ამის შესახებ კარგად არის ცნობილი მსოფლიო საზოგადოებისთვის და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვებრძვით ე.წ. ყარაბაღის სამხედრო ძალებს, საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. მძიმე შეიარაღება და არტირელია სომხეთის სამხედრო ძალებს ეკუთვნით. პროვოკაციის საპასუხოდ და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების დარღვევისთვის აზერბაიჯანულმა ჯარმა ცეცხლი გახსნა იმ პუნქტების მიმართულებით, საიდანაც ისროდნენ.

3 აპრილს აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რასაც არაღიარებული ე.წ. "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის" მხრიდან მოჰყვა პასუხი: თანახმა ვართ ცეხლის შეწყვეტაზე იმ პირობით, თუ აზერბაიჯანული არმია საწყის პოზიციაზე გადავა, რომელსაც 1 აპრილამდე იკავებდაო. ალბათ გესმით, იმყოფებოდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და პირობებს აყენებდე, სხვა რომ არაფერი ვთქვა, სასაცილოა.“ -ამის შესახებ "აიპრესთან" საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერ ჰუსეინმა განაცხადა. 

– თქვენ თვლით, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მოლაპარაკება არ დაურღევია?

კონფლიქტი 1988 წლიდან დაიწყო. მე ვსაუბრიბ იმაზე, რომ 1994 წლის 22 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. 22 წელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ.

22 წელია აზერბაიჯანი მოთმინებით ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვისხედით მოლაპარაკების მაგიდასთან არსებული კონფლიქტის საბოლოოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის. 22 წელია სომხეთმა და მინსკის ჯგუფმა, რომლებმაც თავისთავზე აიღეს ამ კონფლიქტის დარეგულირების საკითხი, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს საკითხი დარეგულირებულიყო. 

აზერბაიჯანს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს. გაიყვანოს უცხო ქვეყანამ შეიარაღებული ძალები. კონკრეტულ შემთხვევაში, სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. სხვა მოთხოვნას აზერბაიჯანის მხარე არ აყენებს. 

სომხეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ წუთებში მთიან ყარაბაღში ცხოვრობენ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეებს ისე ვიღებთ, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ არა მხოლოდ დევნილების, არამედ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება. საკუთარ ტერიტორიაზე დევნილები არ არსებობენ. ესენი არიან იძულებით გადადგილებული პირები, რომლებმაც იძულებით დატოვეს საკუთარი სახლი, წინაპრების საფლავი, საკუთარი მიწა-წყალი, რომელიც ისტორიულად მათ ეკუთვნოდათ, მეჩეთები, სკოლები, მუზეუმები.
აზერბაიჯანს სომხეთისთვის მტკაველი მიწა არასდროს მოუთხოვია. არც ახლო და არც შორეული მეზობლისთვის და არც საკუთარ მიწას გაუყოფს ვინმეს, არასდროს! 

– როგორც აზერბაიჯანის მოქალაქე, როგორ შეაფასებდით საერთაშორისო თანამეგობრობის და ლიდერი ქვეყნების პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

წლებია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ცნობილია. მათგან რომ მომესმინა რეალურად დავიწყებთ დოკუმენტების მომზადებას, რომელიც ამ საკითხს მშვიდობიანად მოაგვარებსო, მოხარული ვიქნებოდი. მაგრამ, როგორც მოქალაქემ, ასეთი მოწოდება ვერ გავიგონე. თქვენ, ხომ ეს კითხვა არა როგორც ელჩს, არამედ როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეს დამისვით? 

22 წლის წინანდელმა მოწოდებამ კონფლიქტის სიღრმისეულ გაყინვამდე მიგვიყვანა. ახლაც იგივე ისმის, შეწყვიტეთ ცეცხლი და მიუჯექით მოლაპარაკების მაგიდას. არც მინსკის ჯგუფმა, არც მისმა თავმჯდომარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა ინტენსიურ მოპალარაკებებზე. მაგიდაზე დევს მადრიდის პრინციპი, არსებობს სხვადასხვა განახლებული პრინციპები. ყველა ამ წინადადებების პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ კონფლიქტი უნდა მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, იმ ქვეყნის სასარგებლოდ რომელიც ჩათრეული იყო ამ კონფლიქტში. ასევე არის დოკუმენტის პროექტი, რომლის მე-5 პუნქტში და სხვა დოკუმენტის მე-6 პუნქტში ვკითხულობ, რომ ოდესღაც ჰელსინკში, საბჭოთა პერიოდში როცა ცივი ომი მძვინვარდებდა, იყოს საუბარი თვითგამორკვევაზე. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ იმ ჰელსინკის დოკუმენტში წერია, რომ თვითგამორკვევა ყველა ერმა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა განახორციელოს.

თქვენ წარმოდგენილი გაქვთ, ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს?! მე არ ვსაუბრობ მსოფლიოზე, ვისაუბროთ რეგიონზე. რა შედეგი შეიძლება მოყვეს მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე?! ეს რეგიონისთვის დამღუპველი იქნება.

– რა რეაქცია და პოზიცია ქონდა საქართველოს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე?

პირველი კონტაქტი ჩვენთან ქართული მხარის ინიციატივით შედგა მაღალი დონის ხელმძღვანელების მხრიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინათინი ესაუბრა აზერაიჯანელ კოლეგას. სატელეფონო საუბრისას ერთმნიშვნელოვნად დადაასტურა, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გზით. ასეთივე საუბარი შედგა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად ღია და გასაგებია.

დაუყოვნებლივი რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ პუტინსაც, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა მოპალარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. შემდეგ კი პრეზიდენტმა პუტინმა დავალება მისცა რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, დაკავშირებოდნენ კოლეგებს აზერბაიჯანში.
ასეთივე რეაქცია ჰქონდა არამარტო რეგიონის, არამედ მსოფლიო ლიდერებს.

– საქართველომ პირველსავე დღეს გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებები გამართულიყო თბილისში… 

საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინიციატივა არაერხელ გაჟერა. საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მოლაპარაკების ადგილად თბილისს ყოველთვის გვთავაზობდა.

ბაქო ყოველთვის მადლობელი იყო ამისთვის. ღმერთმა ქნას, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება მიღწეული და ხელმოწერილი იქნას სწორედ ჩვენს რეგიონში. ეს ისეთი საკითხია, რომლის მოგვარებაშიც ყველანი უნდა ვიყოთ დაინტერესებულები.

ირანს საერთო საზღვარი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. უკვე იყო რამდენიმე ფაქტი, არ მგონია მიზანმიმართულად, მაგრამ რამდენი ჭურვი ირანის ტერიტორიაზე მოხვდა. ასეთ დროს ვერავინ ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ მესამე ქვეყნა საომარი მოქმედების დროს არ დაზარალდება.
ამიტომ, ზოგადად მინდა ვთქვა, თავი დაანებეთ სხვისი მიწისკენ ყურებას, თავი დაანებეთ სხვისი მიწისკენ ყურებას და ყველაფერი კარგად იქნება.

"აიპრესი" ინტერვიუს მეორე ნაწილს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერ ჰუსეინთან ხვალ შემოგთავაზებთ. 

კომენტარები
იტვირთება...