აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას უარყოფს

აზერბაიჯანი უარყოფს, რომ მისი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ, სასაზღვრო ძალები თავის ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

ბაქოს თანახმად, საუბარია სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინის და ქელბაჯარის რაიონების იმ ნაწილზე, სადაც რთული მთიანი რელიეფი და არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესაზღვრეების პოზიციებზე დაბრუნების პროცესი ჩვეული რეჟიმით, სისტემატურად ხორციელდება, სომხეთთან საზღვრის დაცვის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები კი ეფუძნება ორივე მხარის განკარგულებაში არსებულ რუკებს.

აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში მოახლოებული არჩევნების წინ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 მაისის შემდეგ საზღვრის ამ მონაკვეთზე გაიგზავნა აზერბაიჯანის სასაზღვრო სასახურის ხელმძღვანელობა და მეორე მხარის მესაზღვრეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სიტუაციის ნორმალიზების მიზნით.

აზერბაიჯანი სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს მოუწოდებს, პანიკას ნუ შექმნიან, სასაზღვრო რეჟიმი რეალობად მიიღონ და რეგიონში სიტუაციას ნუ გაამწვავებენ, რადგან მსგავსი საკითხები მხარეებს შორის კონტაქტებით უნდა გადაწყდეს.

13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სიუნიქის რაიონში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე სევის ტბის გარშემო რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს და სომხეთის ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

ფაშინიანმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს დაავალა, შექმნილი ვითარების გამო, საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მისაღებად პოზიციების კოორდინაციისთვის, კონსულტაციები დაიწყონ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში. სომხეთის გარდა ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...