აზერბაიჯანელი ექიმი: “ვირუსი უფრო აგრესიული გახდა, ახალგაზრდებს შორის ლეტალური შემთხვევების მოწმეები ვხდებით”

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 49-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 19 801 შემთხვევა – 1 966 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა, 1-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 241 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,22%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 23,9.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 471 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 11 291 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 57,02%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 269 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 509 811 ტესტი – 50 611 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

გუშინ, მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, აზერბაიჯანის “სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების სამმართველო გაერთიანების” გამგეობის თავმჯდომარე რამინ ბაირამლიმ განაცხადა, რომ “მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ შემოდგომა-ზამთრის თვეებისთვის”. მისი თქმით, ექსპერტები covid19-ის მაგვარი სხვადასხვა სახის რესპირატორული დაავადებების შესახებ ცოდნის მიღების რეკომენდაციებს იძლევიან.

თუ შემოდგომის თვებისთვის covid19-თან ბრძოლაში პროგრესი არ იქნება მიღწეული, დაავადების დიფერენცირებული დიაგნოსტიკა შეიძლება ბევრად უფრო გართულდეს და სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა გაიზარდოს, – განაცხადა რამინ ბაირამლიმ.

დღეს, აზერბაიჯანული მედიით, არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა დაწესებული მკაცრი საკარანტინო წესების დარღვევის გამო დაჯარიმებული მრავალი ორგანიზაციის და ფიზიკური პირის დაჯარიმების შესახებ.

პორტალ “Oxu.az”-თან ინტერვიუში ბაქოს მენავთობეთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი ნიჯატ აზიმლი, რომელიც თავადაც იყო ინფიცირებული, აცხადებს, რომ “ბოლო დროს, შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ავადმყოფობა, თითქმის ყველა შემთხვევაში, გართულებულად მიმდინარეობს. მეცნიერული კვლევების ჩატარებამდე ძნელია იმის თქმა, რომ მიზეზი ვირუსის მუტაციაა, მაგრამ ექიმების დაკვირების თანახმად, ვირუსი უფრო აგრესიული გახდა და ამჯერად, ჩვენ, სამწუხაროდ, ახალგაზრდებს შორის ლეტალური შემთხვევების მოწმეები ვხდებით”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად