აზერბაიჯანელი აითან ჰაჯიევა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორის საქართველოს ფილიალის ახალი დირექტორია

ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული პრესა ავრცელებს.

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიკ გულიევს და BP-ის ახალ დირექტორ აითან ჰაჯიევას შორის შეხვედრის დროს ელჩმა მიულოცა მას დანიშვნა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ მსხვილ ტრანნაციონალურ კომპანიებში მაღალი თანამდებობების დაკავების მნიშვნელობა აღნიშნა.

ჰაჯიევამ ელჩს საქართველოში BP-ის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, BP-ს საქართველოს ფილიალი, რომელსაც წელს დაარსებიდან 25 წელი უსრულდება, თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგის პროექტების განხორციელებასაც უწყობს ხელს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრის თანახმად, აითან ჰაჯიევა 2021 წლის 12 მარტიდან არის „ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალის” დირექტორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...