ავთო იმედაძე: ვერაზე დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა 2 ოპერაციის შემდეგ სტაბილურია

ვერაზე დაჭრილი სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 ოპერაციის შემდეგ  სტაბილურია, იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება, – ამის შესახებ "აიპრესთან" ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა) გენერალურმა დირექტორმა ავთო იმედაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

"7ჭრილობა აქვს მიყენებული. მუცლის ღრუში შემავალი, გულმკერდში შემავალი, ღვიძლში გამჭოლი ჭრილობა აქვს, რის გამოც სისხლძარღვები აქვს დაზიანებული.

სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეტყვით, რომ მის გადასარჩენად საოპერაციოში მიმდინარეობს ბრძოლა. გულგაჩერებული შემოვიდა, უსისხლოდ…. ასეთი გულით ვინმე შეეყვანოთ საოპერაციოში არ მინახავს. ასე ბავშვის გამეტება არ ვიცი, ეს სადიზმის უმაღლესი მწვერვალია…", – განაცხადა "აიპრესთან" იმედაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე სკოლი 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი მე-11 კლასელი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი – საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე – მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", – აცხადებენ შსს-ში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად