ავთანდილ თალაკვაძე: ისრაელში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ლეთოდიანისა და ნაყოფიასთვის შეთავაზებულია გერმანიაში მკურნალობა, რაზეც ისინი უარს აცხადებენ

“2019 წლის 20 ივნისს დაშავებულ პირთა მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაცია სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება. ამავე დროს, პანდემიის გამო გლობალურად დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, არაერთხელ იქნა უზრუნველყოფილი დაშავებულებისა და მათი თანმხლები პირების საზღვარგარეთ გამგზავრების, გამოკვლევების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები. ასევე, მიმდინარე პანდემიის პირობებშიც, გერმანიასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე, სახელმწიფომ უზრუნველყო დაშავებულთაგან 5 პირის გერმანიაში გამგზავრება მკურნალობის გასაგრძელებლად”, – ასე ეხმიანება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძე ტვ „პირველზე“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 20 ივნისის დაზარალებულები სახელმწიფომ მიატოვა და მკურნალობის გარეშე დატოვა.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მათ შორის, 1 პაციენტი უკვე ორჯერ იმყოფებოდა გერმანიაში, 1 კი – ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

პირებთან, რომლებიც შეზღუდვების დაწესებამდე ისრაელში მკურნალობდნენ, ასევე, არაერთგზის შეთავაზებული იქნა გერმანიაში მკურნალობის უზრუნველყოფა, რაზეც ორმა მოქალაქემ თანხმობა განაცხადა და მათ 3 და 11 ნოემბერს გერმანიაში შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღება უკვე დაგეგმილი აქვთ.

“თუმცა, ისრაელში მკურნალობის მიმღებ მოქალაქეებს შორის ასევე იყვნენ ნაყოფია და ლეთოდიანი, რომლებიც უარს აცხადებენ გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის კი, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, კვლავ შეზღუდულია ისრაელის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო გამოთქვამს მზადყოფნას ლეთოდიანსა და ნაყოფიას გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ამ ორი პირის მკურნალობისთვის “ფონდმა ქართუმ” – 500 000 ლარამდე დაფინანსება აანაზღაურა. კერძოდ, ნაყოფიას 256 147 ლარის, ხოლო ლეთოდიანს – 197 517 ლარის მკურნალობა დაუფინანსდა”, – აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად