ავთანდილ კენჭაძის სენსაციური მარცხი ევროპის პირველობაზე

ბუქარესტში დღეს 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებნენ ბრძოლაში

გუშინ ქართველ თავისუფალ სტილით მოჭიდავეებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ: ოქროს მედლების მოპოვების უპირობო პრეტენდენტები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოსაც ვერ შეწვდნენ, კიდევ ერთმა ფავორიტმა, ნიკა კენჭაძემ კი მისი მძლეველის ფინალში გასვლით მიიღო ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან მოპოვების შანსი. რეპეშაჟის ნახევარფინალში კენჭაძემ გერმანელი ფრანკო მარიო ბუტნერი 7:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუსელ ანდრეი კარპაჩთან იჭიდავებს.

დღეს გუშინდელი წარუმატებლობა გაგრძელდა და 74 კგ წონაში მთავარი კონკურენტის, რუსი ზაურბეკ სიდაკოვის არყოფნაში ოქროს მედლის მოპოვების უპირველესმა პრეტენდენტმა ავთანდილ კენჭაძემ ორი აშკარა უპირატესობით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მოულოდნელად დამარცხდა ფრანგ ზელიმხან ხაჯიევთან – 3:5. ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოსთვის ხაჯიევის ფინალში გასვლის შემთხვევაში იბრძოლებს.

შეჯიბრებას გამოეთიშა 86 კგ წონით კატეგორიაში სანდო ამინაშვილი. მან პირველი შეხვედრა სლოვაკ ბორის მაკოევს მოუგო 4:1, მეორეში კი დამარცხდა სან-მარინოელ მაილს ნაზიმ ამინითან 2:3, რომელმაც შემდეგი შეხვედრა წააგო.

არაოლიმპიურ 61-92 კგ წონით კატეგორიებში მონაწილეთა სიხალვათეა. ბექა ლომთაძემ მაკედონიელი ელმედინ სეიფულოვი 2 წუთსა და 20 წამში 10:0 დაამარცხა და ნახევარფინალშია. ნახევარფინალში ბექა ლომთაძე შვეიცარიელ რენდი ადრიან ბოკს შეხვდება.ასევე ერთი მოგება აღმოჩნდა საკმარისი ნახევაფინალში ირაკლი მწითურის გასასვლელად. მან მასპინძელ ადრიან რეკორეანს 7:0 მოუგო. ნახევარფინალში მწითური აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს შეხვდება

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა უნგრელ დანილ ლეგეტთან დასაწყისში მოულოდნელად გაუშვა მეტოქისგან 4 ქულიანი გდება, მაგრამ პირველივე პერიოდში მოახერხა დაწინაურება – 6:4. მეორეში კი გართულების გარეშე მიიყვანა ბრძოლა გამარჯვებამდე – 7:4. მეთხედფინალური შეხვედრაში პეტრიაშვილმ პოლონელ რობერტ ბარანს 10:2 სძლია და ფინალში გასასვლელად უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკისთან იჭიდავებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს თურქი ტაჰა აკგული და რუსი ანზორ ხიზრიევი შეხვდებიან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად