ავთანდილ “კაწრო” ბილანიშვილის მეუღლემ ნიკა გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივლა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ავთანდილ “კაწრო” ბილანიშვილის მეუღლეის ნათია რუხაიას განცხადება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

აღნიშნულ საქმეზე ქარტიას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მომართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;
მესამე – დადასტურებული წყარო;
მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები” – ნათქვამია ეთიკის ქარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

2020 წლის 8 ივლისს facebook- ში “კაწროს” სახელით ცნობილი ავთო ბილანიშვილის მეუღლემ ნათია რუხაიამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

როგორც ის სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს, უკვე ერთ კვირაზე მეტია “მთავარი არხის” მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია მისი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო    თუმცა,  საქართველოს პროკურატურის მიერ სამედიცინო დასკვნას გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.   მანამდე კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გაავრცელა

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა   ასევე,   გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად