ავსტრიამ სომხების გენოციდი აღიარა, თურქეთმა საპასუხოდ ელჩი გაიწვია

თურქეთმა ავსტრიის მიერ 1915 წლის მოვლენების – როგორც გენოციდის აღიარების შემდეგ, ქვეყნიდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია,-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

22 აპრილს ავსტრიის პარლამენტმა 1915 წელს თურქების მიერ სომხების გენოციდი აღიარა და დაგმო. ავსტრიელმა დეპუტატებმა თურქეთის დეპუტატებს მიმართეს მოწოდებით, "მოაფინონ ნათელი ბნელ წარსულს" და აღიარონ ოსმალეთის იმპერიის დანაშაული სომეხი ერის მიმართ.

"ავსტრიის პარლამენტის განცხადება შეშფოთებით მივიღეთ, იმიტომ რომ დაუსაბუთებლად ხდება თურქი ხალხის დადანაშაულება",-ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ანკარამ უკმაყოფილება რამდენიმე დღის წინ რომის პაპის განცხადების გამოც გამოთქვა, როდესაც მან სიტყვით გამოსვლისას "სომხების გენოციდი" ახსენა და დაგმო.

XX-ე საუკუნის დასაწყისში, თურქეთის იმპერიამ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დეპორტაცია დაიწყო, რომელიც, სომხეთის პოზიციის თანახმად, განხორციელდა ისეთ პირობებში, რომ ადამიანების მასობრივი გარდაცვალება გამოიწვია. სომხეთი თურქეთს ეთნიკური ნიშნით დევნაში და გენოციდში ადანაშაულებს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქების ქმედებების გამო 1.5 მილიონი ეთნიკურად სომეხი გარდაიცვალა.

თურქეთი გენოციდს არ აღიარებს. თურქეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ სომხების "გადაადგილება" არ ისახავდა მიზნად მათ მკვლელობას. 24 აპრილს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით სომეხი ხალხის ტრაგედიის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად