ავსტრია არავაქცინირებულებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს

15 ნოემბრიდან ავსტრიაში კოვიდ19-ზე არავაქცინირებულ პირთაგადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

ასეთი გადაწყვეტილება ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა ფედერალური მიწების მეთაურებთან ერთად მიიღო.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ორშაბათს 00:00 საათიდან, ყველა იმ პირს, რომელიც ვაქცინირებული არ არის, სახლიდან გასვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეძლება. ასეთ შემთხვევებად მიჩნეულია ყოველდღიური საყიდლები, სამსახური, სასწავლებელი და ექიმთან ვიზიტი. დასაშვებია აგრეთვე სახლიდან გასვლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური განტვირთვის ან ძირითადი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით.

შეზღუდვები არ ეხება 12 წლამდე ასაკის მოზარდებს და იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ და მათი გამოჯანმრთელების შემდეგ არ არის გასული 180 დღე.

ავსტრიული პრესის თანახმად, შეზღუდვები ~ 2 მლნ ადამიანს შეეხება. რეგულაციების დაცვას პოლიცია სპეციალური პატრული მიადევნებს თვალყურს. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1450 ევრომდეა.

ავსტრიის ხელისუფლების ეტაპობრივი გეგმა არავაქცინირებულთათვის გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ ინტენსიური თერაპიის საგანყოფილებაში დაკავებული საწოლების რაოდენობა 600-ს მიაღწევდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 433-ია, მაგრამ ინფიცირების მეოთხე ტალღის დაწყებამ და დღიურად ინფიცირებულთა დიდმა რაოდენობა, ხელისუფლება აიძულა წინმსწრები ნაბიჯი გადაედგა.

გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს ავსტრიაში ინფიცირების 13 172 და ინფიცირებით გარდაცვალების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი ინფიცირების 11552 და ინფიცირებით გარდაცვალების 17 შემთხვევა.

სულ, პანდემიის მთეელკი პერიოდის განმავლობაში, ავსტრიაში დაფიქსირებულია ინფიცირების 959 652 და ინფიცირებით გარდაცვალების 11706 შემთხვევა. ავსტრიის მოსახლეობა 9 076 000-ია, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 65%

კომენტარები
იტვირთება...